პაპუაშვილი: საქართველომ რუსეთს სანქციები დიდი ხნის წინ დაუწესა და სხვა ქვეყნები შეზღუდვებში ახლა გვიერთდებიან

ის შეზღუდვები, რაც ახლა შემოაქვს სხვადასხვა ქვეყანას რუსეთთან მიმართებით, იქნება ეს მიმოსვლის შეზღუდვა, დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა თუ ა.შ. ეს ისედაც გაკეთებული აქვს საქართველოს დიდი ხნის წინ და შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყნები შეზღუდვებში ახლა აქეთ გვიერთდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოს არ გააჩნია არანაირი ბერკეტი, რომ რუსეთს იმაზე მეტი სანქცია დაუწესოს, ვიდრე დაწესებული აქვს.

„ის, რომ არის შეზღუდვები ან სანქციები დაწესებული სხვადასხვა ქვეყნის ან ორგანიზაციის მხრიდან, ეს გავლენას ახდენს ჩვენზეც. ჩვენ ამის ავტომატურად მონაწილე ვართ ისე, რომ ამაში ჩართული ვერც ვიქნებით. მაგალითად, „სვიფტთან“ დაკავშირებით ბერკეტიც არ გვაქვს ამას მივუერთდეთ ან არ მივუერთდეთ. სანქციებს თუ გადახედავთ, არაფერი იქ განსაკუთრებული არ არის, რომ საქართველო ამას მიუერთდეს თუ არ მიუერთდეს. ჩვენ დღეის მდგომარეობით გვაქვს შეზღუდული ურთიერთობა რუსეთთან, ასე რომ რამე დამატებითზე საუბარი რთულია. სანქციებს თუ ჩახედავთ, საუბარია სამხედრო მრეწველობასთან დაკავშირებით ვაჭრობაზე, რაზეც არანაირი სამხედრო მრეწველობაზე ვაჭრობა რუსეთთან არ გვაქვს. სწორედ იმიტომაც არის ჩვენი მხრიდან არარელევანტური [სანქციებზე მიერთება], რომ არ გვაქვს რეალური ბერკეტი რუსეთის ფედერაციასთან, რომლის შეზღუდვა ან შეწყვეტა გავლენას მოახდენდა. ყველა იმ სანქციაზე, რომელიც დღეს არის დაწესებული, ჩვენ არც კი შეგვიძლია რამენაირად ვიყოთ ამის მონაწილე.
საქართველოს სხვადასხვა პერიოდის გამოვლით ისედაც შეზღუდული ურთიერთობა აქვს რუსეთთან. თქვენც ხედავთ, რომ ამ დისკუსიაში ვერავინ ვერაფერს ამბობს კონკრეტულს. ერთადერთს ამბობდნენ „ცის ჩაკეტვას“ და თვითონვე უარყო ეს იდეა ოპოზიციამ. პირდაპირი ფრენა რუსეთთან ისედაც არ გვაქვს, ცას იყენებს სომხეთი და ეს არ იქნებოდა მეგობრული ნაბიჯი სომხეთთან მიმართებით, რომ სომხეთთან ჩაგვეკეტა ცა. ახლა ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს არ აქვს არანაირი ბერკეტი დამატებით იმ შეზღუდვებისა, რაც ისედაც გვაქვს. ის შეზღუდვები, რაც ახლა შემოაქვთ სხვადასხვა ქვეყანას, იქნება ეს მიმოსვლის შეზღუდვა, დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა თუ ა.შ. ეს ისედაც გაკეთებული გვაქვს დიდი ხნის წინ და შეიძლება ითქვას, რომ აქეთ გვიერთდებიან [სხვა ქვეყნები]. ამ სამი კვირის განმავლობაში ყველა შეთანხმდა, რომ საქართველოს არ აქვს რაიმე რეალური ბერკეტი სანქციის ან შეზღუდვის სახით, რომლითაც გავლენას მოახდენდა გადაწყვეტილებებზე, პირიქით, ყველა თანხმდება, რომ ამით საქართველო დაზიანდება და შეიძლება ჩვენი ურთიერთობა სომხეთთანაც დაზიანდება, თუკი ჩავკეტავთ შესაძლებლობას სომხეთის თვითმფრინავებისთვის ჩვენს სივრცეში იმოძრაონ. გუშინ ამერიკის ელჩმა თავადაც აღნიშნა, რომ არავინ მოითხოვს საქართველოსგან სანქციების დაწესებას. წერტილი”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები