პოლონეთი 2023 წლიდან რუსული გაზის შესყიდვას მთლიანად წყვეტს
პოლონეთი წლის ბოლოდან რუსეთისგან გაზის შესყიდვას წყვეტს.
ამის შესახებ RMF FM-ის ეთერში პოლონეთის მთავრობის კომისარმა, პეტრე ნაიმსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად, რუსული გაზი პოლონეთის იმპორტის დიდ ნაწილს წარმოადგენს, თუმცა, მისი ჩანაცვლება სახელმწიფო კომპანია PGNiG-ს შეუძლია. ნაიმსკის განმარტებით, კომპანიას კონტრაქტების პორტფელი აქვს, რომლებიც რუსულ მიწოდებას ჩაანაცვლებს.
პეტრე ნაიმსკი ამბობს, რომ „ოქტომბერში გაზსადენი Baltic Pipe ექსპლუატაციაში შედის და ჩვენ უკვე გვაქვს გაფართოებული LNG ტერმინალი, მზად იქნება სხვა ინფრასტრუქტურაც, მაგალითად, გაზის კომუნიკაცია ლიეტუვასა და სლოვაკეთთან”.
„წლების განმავლობაში რუსულ გაზს მონოპოლისტ მიმწოდებლისგან ვყიდულობდით, რომელსაც შეეძლო, იმაზე მაღალი საფასური დაეწესებინა, ვიდრე დასავლეთ ევროპაში იყო. ახლა კი ფასები ევროპული იქნება”, – თქვა მან.
ნაიმსკი ამბობს, რომ ევროპაში ამჟამად არსებული ძალიან მაღალი ფასი დასტაბილურდება, რადგან ევროპაში ყველა მყიდველი სხვა შესყიდვებზე გადასვლას ცდილობს.