კახა კალაძე: პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში არავინ უჩივის, კონსტიტუციის დაცვა ყველას ვალდებულებაა

არავინ უჩივის სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში. არანაირ დასჯაზე არ არის საუბარი, რაღაცებს ნუ იგონებთ და სპეკულირებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონსტიტუციის დაცვა ყველას ვალდებულებაა.

„ეს განცხადება არავის გაუკეთებია, თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერცერთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს უნდა მიმართოს „ქართულმა ოცნებამ“. საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი. გაერკვიეთ და შემდეგ დასვით ეს შეკითხვა. არავინ არ უჩივის საკონსტიტუციო სასამართლოში. კონსტიტუციის დაცვა არის ყველას ვალი. რა თქმა უნდა, ჩვენ, პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ დავიცვათ კონსტიტუცია, მაგრამ თუ ჩვენ არ დავიცავთ კონსტიტუციას, ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს რა უნდა მოვთხოვოთ კანონის დაცვაზე. ამიტომ, პირველ ყოვლისა, ჩვენ ვართ ვალდებულნი, რომ დავიცვათ კონსტიტუცია. თქვენ როგორ მოგეწონებათ, რომ მე, ქალაქის მერი უხეშად ჩავერიო პრეზიდენტის უფლებამოსილებაში, ქვეყნის პრემიერის უფლებამოსილებაში, ან პირიქით. შესაბამისად, კონსტიტუციის დაცვა არის ყველასთვის მნიშვნელოვანი ახლაც და სამომავლოდაც. არანაირ დასჯაზე არ არის საუბარი, რაღაცებს ნუ იგონებთ და სპეკულირებთ“, – აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები