გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსხვილი სავაჭრო ქსელებისა და სასურსათო პროდუქციის იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„დღეისათვის, საქართველოში სასურსათო პროდუქციის მარაგების კუთხით დეფიციტი არ არსებობს. რეგიონში რთული ვითარების მიუხედავად, აუცილებელია, რომ სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდება შენარჩუნდეს. ამისთვის, მაქსიმალურად კოორდინირებულად ვმუშაობთ კერძო სექტორთან – იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, რათა ხელი შევუწყოთ ალტერნატიული ბაზრების მოძიებაში, პროდუქციის იმპორტის შეუფერხებელ განხორციელებასა და მარაგების უწყვეტ შევსებაში“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში, კლიმატური პირობების გამო, გარკვეული რეგიონების სავაჭრო ქსელებში პროდუქციის მიწოდების მხრივ შეფერხება დაფიქსირდა, თუმცა, უახლოეს დღეებში აღნიშნული საკითხი სრულად მოგვარდება. საავტომობილო გზებზე, უამინდობის გამო შექმნილი ვითარების გამოსწორების შემდგომ, ქვეყანაში შემოვა პირველადი საჭიროების სხვადასხვა პროდუქციის (ზეთი, მაკარონი, წიწიბურა, ცხიმები და ა.შ) მორიგი პარტია. სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, ქვეყნის მასშტაბით, სურსათის შეუფერხებელი მიწოდებისა და მარაგების შევსების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ.