ირაკლი ღარიბაშვილი საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საპენსიო ფონდის როლზე საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ამ მიმართულებით გრძელვადიანი საინვესტიციო წყაროების მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

„საპენსიო ფონდზე საუბრისას ასევე განიხილეს განვლილი პერიოდის შედეგები და სამომავლო გეგმები. საბჭოს წევრებმა წარადგინეს ინიციატივები საკანონმდებლო გაუმჯობესების კუთხით. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მთავრობასთან, რათა მომავალში, ფონდის საინვესტიციო საქმიანობა უფრო ეფექტიანი იყოს.

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის მიხედვით, სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობა ამჟამად მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელს მოიცავს.
საპენსიო ფონდი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კერძოდ, ქვეყანაში ჩნდება ლარის გრძელვადიანი საინვესტიციო კაპიტალი, რაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად; საინვესტიციო კაპიტალი ეკონომიკას ძირითადად კაპიტალის ბაზრის გავლით მიეწოდება, რაც ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას; მნიშვნელოვნად იზრდება დანაზოგების დონე ქართულ ეკონომიკაში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სესხებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთის დაბალანსებას.

ამჟამად დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულია 1.1 მლნ-მდე ადამიანი. მთლიანი აქტივის ღირებულება 2.17 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 309 მილიონი ლარია. მიმდინარე წლიური ეფექტური მომგებიანობა 11.6%, ხოლო ფონდის ამოქმედების დღიდან მომგებიანობა 34%-ია.

დღეის მდგომარეობით თანხები სრულად განთავსებულია 8 კომერციულ ბანკში და ლარში დემონომირებულ ინსტრუმენტებში, სადაც აქტივების 62% არის სადეპოზიტო სერტიფიკატებში, ხოლო 38% – მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე.
საპენსიო სააგენტო წარმოადგენს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.

შეხვედრაში საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე ოლივიერ რუსსო, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჟან-ფრედერიკ პოლსენი, საბჭოს წევრები მაიკლ რიდლი და ტიმო ვიჰერკენტა, ხოლო საქართველოს მხრიდან – ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია მონაწილეობდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები