საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა რამდენიმე განსახილველ კანონპროექტზე ლობისტების რეგისტრაციის შესახებ იმსჯელა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა რამდენიმე განსახილველ კანონპროექტზე ლობისტების რეგისტრაციის შესახებ იმსჯელა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ კომიტეტში შესულია განაცხადები საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილის სამ კანონზე ლობისტად რეგისტრაციის თაობაზე. ესენია: საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი” და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, წარმოდგენილია ყველა საჭირო დოკუმენტი და განაცხადი, რაც ლობისტად რეგისტრაციას ესაჭიროება. შესაბამისად კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა და კენჭისყრით დაუჭირა მხარი ლევან ალაფიშვილის ლობისტად დარეგისტრირების საკითხს.
კომიტეტმა იმსჯელა საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და შალვა ხაჭაპურიძის „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონზე ლობისტად რეგისტრაციის საკითხზეც. პროცედურისთვის საჭირო დოკუმენტების გაცნობის შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტზე ლობისტად მათი რეგისტრაციის საკითხს.