კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!” გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!” 66 სტუდენტისგან 3 გამარჯვებული და ჟიურის რჩეული გამოვლინდა, რომლებსაც ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცათ, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსის გამარჯვებულებსა და იმ სტუდენტებს, რომლებმაც გამორჩეული ნამუშევრები წარმოადგინეს, კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაში დაეხმარება და სერტიფიცირებულ ტრენინგებს ჩაუტარებს. 15 საუკეთესო ნაშრომის ავტორი სტუდენტი BBC აკადემიის სასწავლო მასალებსა და მედიაწიგნიერების დეპარტამენტის მიერ შექმნილ პროგრამას გაივლის, რის შემდეგაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, მედიაწიგნიერების პროექტებში მიიღონ მონაწილეობა და საკუთარი გამოცდილება სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებს გაუზიარონ.

მედიაწიგნიერების კონკურსის მიზანი მოზარდებში კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებაა. წესების თანახმად, სტუდენტებს უნდა აღმოეჩინათ მედიასივრცეში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია („Fake News”), რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაედგინათ რეალური ფაქტები და ამბავი. კონკურსში პირველი ადგილი ალექსი ქურდაძემ დაიკავა, რომლის საკონკურსო ნაშრომიც ვაქცინაციას ეხებოდა.

ალექსმა „სპუტნიკ საქართველოში” გამოქვეყნებული სტატია შეისწავლა, სადაც ნათქვამია, რომ ფაიზერის ვაქცინით აცრის შემთხვევაში აღინიშნება სხვადასხვა სიმპტომი, რომელთაგანაც ყველაზე უჩვეულო არის ლიმფური ჯირკვლების გადიდება. ალექსმა ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მოიძია ინფორმაციის პირველწყარო – FDA-ს კვლევის ანგარიში და დაადგინა სტატიის სიყალბე. ალექსი ქურდაძემ პირველი ადგილისთვის კომუნიკაციების კომისიისგან საჩუქრად iPhone 13 Pro მიიღო. მეორე ადგილზე გიგი გიორგაძე გავიდა, რომელმაც ნაშრომში ონლაინ გამოცემა „საქართველო და მსოფლიო”-ში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ სპეციალური კონვენციის შექმნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია განიხილა. ინფორმაციის შესწავლისას გიგიმ ყალბი ამბების ნიშნები აღმოაჩინა და ყურადღება ონლაინ გამოცემის სანდოობაზე გაამახვილა. ამბის სიზუსტის დასადგენად გიგიმ გამოიყენა სხვადასხვა წყარო, მათ შორის დოკუმენტური მასალა და დაადგინა, რომ სტატიის სათაური და შინაარსი არის ყალბი და შეცდომაში შემყვანი. გიგი გიორგაძემ კომუნიკაციების კომისიისგან საჩუქრად HP-ს ლეპტოპი მიიღო. მესამე ადგილი ლუკა ამბალიამ დაიკავა, რომელმაც ბრიუსელში, ევრო-კომისიის შტაბ-ბინაში მდებარე სუპერ კომპიუტერის მიერ ადამიანების დაჩიპვის შესახებ ვებ-პორტალ TVM.GE-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია შეისწავლა და დაადგინა, რომ სტატიის შინაარსი არის ყალბი და მასალაზე თანდართულ ფოტოსურათში მოცემული შენობა არა ბრიუსელში, არამედ მანჰეტენზე მდებარეობს. ლუკამ ინფორმაციის სიზუსტის დასადგენად გამოიყენა სხვადასხვა ხერხი, მათ შორის – ფოტოს გადამოწმების. მესამე ადგილისთვის ლუკა ამბალიას საჩუქრად iPad 10.2 გადაეცა. ჟიურის რჩეულად მარიამ რუხაძე დასახელდა, რომელმაც ვებ-გვერდზე „საქართველო და მსოფლიო” ყურძნის სომხეთიდან იმპორტთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაცია განიხილა.

მარიამმა სტატიის წაკითხვისას ყურადღება გაამახვილა, ისეთ ფაქტებზე, როგორიცაა სათაური კითხვით ფორმაში, არაერთგვაროვანი შრიფტი, არანეიტრალური ტონი და წყაროების არარსებობა. სტატიაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები საქსტატის ბაზაში გადაამოწმა და დაადგინა, რომ ციფრები არ შეესაბამებოდა რეალობას. ჟიურის რჩეულს კომუნიკაციაციის კომისიამ საჩუქრად Airpods Pro გადასცა. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!” უკვე მეექვსედ ჩაატარა, მათ შორის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მეორედ, ხოლო სკოლის მოსწავლეებისთვის – ოთხჯერ, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები