გია ვოლსკი: ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნა არ არის გამოსავალი
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.
ვოლსკის შეფასებით, სამინისტროს შექმნა გამოსავალი არ არის.
„უსაფრთხოების თემებზე საათობრივად მიდის მსჯელობა. ამის მოთავე არის ამ სიტუაციის რეალური მმართველი – პრემიერმინისტრი. ამის არ გათვალისწინება და იმ რაკურსით შემოჭრა ამ საკითხში, რომ მთავარსარდალი არ მოიწვიეს ამ სხდომაზე, არ არის სწორი. სამინისტროს შექმნა არ არის გამოსავალი. არის ყველა სტრუქტურა, რომელიც ერთობლივად მოქმედებს. კეთილი ინებოს ყველამ – პრეზიდენტმა, ოპოზიციამ, უმრავლესობამ – ერთად ავიღოთ და შევაფასოთ ის მდგომარეობა, რაც გვაქვს და თუ ერთი დოკუმენტია საჭირო, მივიღოთ რეზოლუცია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ “ქრონიკასთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, დღევანდელ საპარლამენტო პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნის ინიციატივა გააჟღერა.