დავით უსუფაშვილი – პოლიტიკურ ძალებს: მთელი სურათი დავინახოთ და გადავდგათ სწორი ნაბიჯები
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღევანდელ ვითარებაში ქვეყანას არა მხოლოდ უზარმაზარი საფრთხეები ემუქრება, არამედ გაუჩნდა უზარმაზარი შანსებიც და მთელ პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდა დღევანდელი დღიდან მხოლოდ იმას კი ნუ გაიგებენ, რაც ყურს სიამოვნებს, დაინახონ „მთელი სურათი” და გადადგან სწორი ნაბიჯები.
„ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს რაღაცა დიდი მოვლენა თუ დაძრავდა ადგილიდან. სამწუხაროდ, ახლა უკრაინელი ხალხის უდიდესი ტრაგედიის ხარჯზე ჩნდება ეს შანსი. მაგრამ ჩვენ არ უნდა გვქონდეს განცდა, რომ ვიღაცის ტრაგედიაზე ჩვენ რაღაცა ხეირის ნახვას ვაპირებთ. ჩვენ ჩვენი წილი ტრაგედიაც ვნახეთ, მსხვერპლიც გავიღეთ და უზარმაზარი დანაკარგებით მოვდივართ ამდენი წელია. დღეს აუცილებელია იმ ტიპის პოლიტიკური სტრატეგიული გეგმის შედგენა, რაზეც ქალბატონი პრეზიდენტი საუბრობდა.
სახელმწიფოს გეგმის და არა რომელიმე ერთი პარტიის და ერთი რომელიმე ლიდერის გეგმის. გეგმის, რომელიც უზრუნველყოფს ერთდროულად ქვეყნისთვის მოსალოდნელი საფრთხეების არიდებას და მეორე, ქვეყნის რაც შეიძლება უკეთეს პოზიციონირებას ამ ომის და უბედურების დასრულების შემდეგ ახალი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრების პროცესში. ეს არ არის ერთმანეთისგან განსხვავებული და დროში აცდენილი ამოცანები. თუ დღესვე ორივე მიმართულებით არ ვიაქტიურეთ, ჩვენ მაშინ ჩამოვრჩებით და კიდევ იგივე დაგვემართება, რაც 90-იან წლებში დაგვემართა, როდესაც ჩამოვრჩით იმ პროცესს და აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად ვერ მოვახერხეთ შეგვექმნა ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების, ეკონომიკური აღმავლობის და თავისუფლების ქოლგა. ახლა ეს შესაძლებელია, მაგრამ ამას სჭირდება ერთდროულად რამდენიმე რამის გაკეთება: პირველი – საქართველომ არ უნდა დაუშვას ომში ჩართვა. საქართველომ თავიდან უნდა აიცილოს ომი. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
ამავდროულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო მზად იყოს თავდასხმის მოგერიებისთვის, ქვეყნის დაცვისთვის, იმისთვის რაც კონსტიტუციაში გვიწერია, იმისთვის, რისთვისაც შეიარაღებული ძალები გვყავს, და როგორც ომის პროპაგანდა არის დაუშვებელი დანაშაული დღეს, ისევე ქვეყნის სისუსტის პროპაგანდა არის დაუშვებელი დანაშაული. თავდაცვის უნარიანობის განმტკიცება, მორალური კლიმატის აწევა – ეს არის აუცილებელი წინაპირობა. არ დაგვესხმება ვინმე თავს? არ დაგვსხმია რომ? ამ ვითარებაში ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცე და მტერმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ სათანადოდ დავხვდებით. ეს არ არის ომის რიტორიკა, ესაა თავდაცვის პოლიტიკა.
მეორე – ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მჭიდროდ დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელმაც გვიან, მაგრამ მაინც გაიღვიძა და სანამ ღვიძავს, მას უნდა დავანახოთ, შევახსენოთ საქართველოს არა მხოლოდ გასაჭირი, არამედ საქართველოს საჭიროება დემოკრატიული სამყაროსთვის. საქართველოს ფუნქცია გეოპოლიტიკურ რეგიონში, იქნება ეს სავაჭრო-ეკონომიკური, უსაფრთხოების, კულტურული, რელიგიათაშორისი ურთიერთობის თუ სხვა. ამისთვის საჭიროა აქტიურობა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ყოველი ადამიანი, „ვისაც რამე გაეგება”, უნდა იყოს სახელმწიფო სამსახურში და მთავრობა, ხელისუფლება აქეთ უნდა იყოს მოწოდებული და საზოგადოებაში ეძებდეს ასეთ ძალებს. მისივე თქმით, ასევე აუცილებელია, რომ ქვეყანას უკვე ჰქონდეს გეგმა, თუ ამ ომის შემდგომი სიტუაციის პროცესში საქართველო კონკრეტულად რა პროექტებით წარდგება დემოკრატიული დასავლეთის წინაშე. „ლელოს” „მარშალის გეგმა”, რომელიც ორი წლის წინ საარჩევნო პროგრამად გვქონდა გამოტანილი, ეს იყო და არის გეგმა კომპლექსური კონსტრუქციის ქვეყნის. დღეს ასეთ გეგმაზე უკრაინასთან დაკავშირებით უკვე ლაპარაკობს შეერთებული შტატები, ევროკავშირი. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ მზად არა მხოლოდ განაცხადებისთვის, არამედ კონკრეტული პროექტებით რას გავაკეთებთ, რა დახმარებას გამოვიყენებთ ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. ამისთვის აუცილებელია ერთად ყოფნა.
სამწუხაროდ გვჭირდება ხოლმე შუამავლები. ამიტომ მე მინდა ვთხოვო ქალბატონ პრეზიდენტს გააგრძელოს ეს მცდელობა. მთავარია, რომ დღევანდელი დღიდან ნუ გავიგებთ მხოლოდ იმას რაც ყურს სიამოვნებს, მთელი სურათი დავინახოთ და გადავდგათ სწორი ნაბიჯები”, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარემ.