თბილისის მერია: EBRD-მა არა თბილისის მერიის პროექტი, არამედ მის მიერვე გამოცხადებული კონკრეტული ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების ფინანსური ანგარიშსწორება შეაჩერა
თბილისის მერიის განცხადებით, EBRD-მა არა თბილისის მერიის პროექტი, არამედ მის მიერვე გამოცხადებული კონკრეტული ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების ფინანსური ანგარიშსწორება შეაჩერა.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თბილისის მერიას 170-მილიონიანი პროექტის ხელშეკრულება შეუჩერა.
საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ EBRD-მა შეაჩერა არა თბილისის მერიის პროექტი, არამედ მის მიერვე გამოცხადებული კონკრეტული ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების ფინანსური ანგარიშსწორება. EBRD-ის წესებით გამოცხადებულ ორეტაპიან ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა სს „მეტროვაგონმაში“, თუმცა კომპანიასთან თანხის გადარიცხვა ამ ეტაპზე შეჩერებულია.
რაც შეეხება თბილისის მეტროს განახლების პროექტს, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამით ხორციელდება, მას საფრთხე არ ემუქრება და EBRD აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას თბილისის მუნიციპალიტეტთან“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.