შარლ მიშელი: განვიხილავთ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადს და მხარს დავუჭერთ თქვენს მისწრაფებას, გახდეთ ევროპული ოჯახის წევრი
ჩვენ განვიხილავთ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს. გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და მხარს დავუჭერთ თქვენს მისწრაფებას, გახდეთ ევროპული ოჯახის წევრი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ემანუელ მაკრონთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, ვერსალში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ვერსალში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
„დღეს განვიხილეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ენერგეტიკული დამოკიდებულების საკითხი. ამ პრობლემას დიდი ხანია ვებრძვით. ჩვენი მიზანია, აღარ ვიყოთ რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებული და გვჭირდება ახალი გეგმა მომავალი ზამთრისთვის. მეორე საკითხი არის ევროკავშირის საერთო თავდაცვის სისტემა. ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ და ეს იქნება ახალი ფურცელი ევროპისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.