ეკონომისტ ოთარ ანგურიძის განცხადებით, ლარი გამყარდება. ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ლარი რაღაც დონეზე გამყარდება. არის მოსაზრება, რომ შეიძლება, ისევ 3,00-ზე ჩამოვიდეს, ასევე, არის მოსაზრება, რომ შესაძლოა, სადღაც 3, 10-ზე გაჩერდეს.
უახლოეს დღეებში ლარის კურსი იპოვის ახალ წონასწორულ მდგომარეობას და შეინარჩუნებს სტაბილურობას, რადგან ამ მოცემულობით ქვეყანაში არ არსებობს ისეთი მაკროეკონომიკური მოცემულობა, რომელიც ლარის კურსს საფრთხის წინაშე დააყენებდა“, – განაცხადა ანგურიძემ.
ეკონომისტმა ბოლო დღეებში ლარის გაუფასურების მიზეზები განმარტა.
„საკმაოდ რთული ბოლო ორი კვირა იყო არა მარტო ჩვენთვის, არამედ, რეგიონისთვის. მოგეხსენებათ, ომია. ომმა საწყის ეტაპზევე საკმაოდ ნეგატიური მოლოდინები გააჩინა. ამას ხელი შეუწყო ასევე იმან, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, მათ შორის, ექსპერტებიც, ძალიან ინტენსიურად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ეთერით საუბრობდნენ, რომ ლარის გაუფასურება ავიდოდა 4,00-მდე, საწვავის ფასი გახდებოდა 4,50-დან 5,00-მდე. ბუნებრივია, ამან ისედაც დაძაბული ფონი კიდევ უფრო დაძაბა. ლარმა მყისიერი გაუფასურება დაიწყო. როგორც კი ეროვნული ბანკისგან პირველი შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგა, ვნახეთ, რომ ლარმა დასტაბილურება და გამყარების თვალსაზრისით უკან დახევა დაიწყო. ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. ეროვნული ბანკის ნაბიჯმა გვაჩვენა, რომ მოსახლეობაში ატეხილი აჟიოტაჟი ფუჭი და ხელოვნურად შექმნილი იყო. ამას ისიც ადასტურებს, რომ ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 50 მილიონი გამოიტანა. უცხოური ვალუტის დანაკლისი რომ ყოფილიყო , რაც ძირითადად გაუფასურების გამომწვევია, მაშინ ამ 50 მილიონის ათვისება მთლიანად მოხდებოდა. 11 მილიონი პრაქტიკულად, აუთვისებელი დარჩა.
იგივე შემთხვევა იყო რამდენიმე დღის წინ სურსათთან დაკავშირებითაც, როდესაც შაქარზე, მარილზე მოთხოვნა გაიზარდა. ამ დროს გაირკვა, რომ ეს პროდუქტები არც რუსეთიდან, არც უკრაინიდან შემოდიოდა. ესაა ერთგვარი ხელოვნური სპექტაკლი, რომელსაც პოლიტიკური ჯგუფები გვთავაზობენ, მათ შორის, ამას ხელს ზოგიერთი ტელევიზიაც უწყობს. ხელოვნურად იქმნება ფონი, რომ მოსახლეობაში უფრო მეტად ნეგატიური განწყობის გაღვივება მოხდეს, რათა შემდეგ ეს პოლიტიკურ პროცესებში გადაზარდონ.
ეკონომიკაში კარგი მდგომარეობა გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ ვთქვათ, ლარი სტაბილური უნდა იყოს, არ უნდა ხდებოდეს ასეთი მყისიერი გაუფასურება. ამას ადასტურებს ისიც, რომ კარგი მაჩვენებლები გვქონდა. მათ შორის იანვარშიც კარგი მაჩვენებლი იყო ტურიზმის, საგარეო ვაჭრობის ნაწილში. დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2021 წელს საკმაოდ გაზრდილი გვაქვს – მილიარდ 150 მილიონი შეადგინა. პრაქტიკულად, ესაა ერთგვარი სიგნალი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა სტაბილურია. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ კრიზისულ და დაძაბულ სიტუაციაში ასეთი მასშტაბის ინვესტიციების შემოდინება არ გვექნებოდა. რეგიონში ჩვენი ქვეყანა ოაზისივით გახდა, სადაც სტაბილურობა, მშვიდობა, კარგი ეკონომიკური ზრდაა“ – განაცხადა ანგურიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 152.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია 2020 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის გაზრდით.