შალვა პაპუაშვილი: ჰააგის სასამართლოს ორდერით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი იქნა ომის დანაშაული
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერით დასტურდება, რომ 2008 წელს რუსეთმა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაული ჩაიდინა. საკანონმდებლო ორგანოს პირველმა სპიკერმა აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კიდევ ერთ დიდ გამარჯვებად შეაფასა.
“თავისთავად, ეს გახლავთ საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება ამ საქმეში. კერძოდ, ჩვენ ახლა გადაწყვეტილებების მთელ ტალღას ვხედავთ. ჩვენ ვნახეთ შარშან, იანვარში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადასტურა, რომ არის ოკუპაცია. ვნახეთ, რომ ამ გადაწყვეტილებაშიც იგივე ტერმინოლოგია არის გამოყენებული ოკუპაციასთან დაკავშირებით და გარდა ამისა, ამ ორდერით დაემატა შემდეგი რამ, რომ დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი იქნა ომის დანაშაული. ანუ, ჩვენ ფაქტობრივად, ამ ერთი წლის განმავლობაში ორი სამართლებრივი აქტი გვაქვს. ეს თავისთავად, ჩვენი ქვეყნის დიდი გამარჯვება გახლავთ და მე განსაკუთრებით ამას მივულოცავ და ამავე დროს შრომას დავუფასებ, იუსტიციის სამინისტროს, რომელიც ამ საქმეებში ქვეყნის წარმომადგენლები გახლავთ და პროკურატურასაც მათ შორის,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა სამი პირის მიმართ დაკავების ბრძანებები გამოსცა. პროკურორმა დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა შემდეგ პირებზე: მიხაილ მინძაევი 2005 წლიდან 2008 წლის ოქტომბრამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა მინისტრი“ იყო. გამლეტ გუჩმაზოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი იყო, ხოლო დავიდ სანაკოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში.