ნავანეთემ პილეი: მახარებს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ადამიანის უფლებების კუთხით მიაღწია

ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის, ნავანეთემ პილეის განცხადებით, მას ახარებს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ადამიანის უფლებების დარგში მიაღწია. ამის შესახებ ნავანეთემ პილეის იმ წერილშია აღნიშნული, რომელიც მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს მისწერა.
„მსურს, მადლიერება გამოვხატო იმ ღია და გულწრფელი დისკუსიისათვის, რომელიც 2014 წლის 20 მაისს, ჩემი ოფიციალური ვიზიტისას საქართველოში, თქვენთან და თქვენს კოლეგებთან მქონდა. მახარებს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ადამიანის უფლებების დარგში მიაღწია. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტმა უკანასკნელ თვეებში გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ რატიფიცირება, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება და საქართველოს „ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის“ დამტკიცება მოახდინა“,-ნათქვამია პილეის წერილში.
გაეროს უმაღლესი კომისარი უსუფაშვილს მოუწოდებს, პარლამენტში მიმდინარე დებატები „ფარული მიყურადების სამართლებრივი რეგულირების შესახებ“, ისეთი კანონმდებლობის მიღებით დაასრულონ, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოში მცხოვრები ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას უზრუნველყოფს.
„ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტი ასევე განიხილავს კანონმდებლობას, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ კანონდარღვევის სავარაუდო ფაქტების გამოძიების დამოუკიდებელ მექანიზმს დაადგენს. ადამიანის უფლებების დაცვის კულტურის გამყარებისთვის საქართველოში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პირადი წვლილი. მინდა მოგიწოდოთ, რომ თქვენს საჯარო გამოსვლებში საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის უფლებების პატივისცემის საჭიროების ხაზგასმა განაგრძოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღება პარლამენტის წინაშე სახალხო დამცველის მოახლოებული ყოველწლიური ანგარიშის განხილვას და სახალხო დამცველის რეკომენდაციებს დაუთმოს“, – აღნიშნულია გაეროს კომისრის წერილში.
ნავანეთემ პილეის თქმითვე, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის საქართველოს შესახებ დასკვნების პერიოდული ანგარიშების მიღების შემდეგ, ივლისის თვეში, კომიტეტების რეკომენდაციების განხორციელებისთვის საჭირო ზომების შემუშავებაში პარლამენტს აქტიური როლის თამაში შეუძლია.
„გამოვხატავ მადლიერებას საქართველოსა და ჩემს ოფისს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მოგიწოდებთ თქვენ და თქვენს კოლეგებს, რომ ვლადიმერ შკოლნიკოვთან, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროს მრჩეველთან ადამიანის უფლებათა საკითხებში (სამხრეთ კავკასია) სასარგებლო თანამშრომლობა განაგრძოთ. როგორც თქვენთვის ცნობილია, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებათა შესახებ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის დაწყებას გეგმავს, რომელიც საქართველოს, ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებაში დაეხმარება. პროექტი მრავალგვარ სამუშაოს ითვალისწინებს, რომელშიც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები იქნებიან ჩართულნი“,-ნათქვამია წერილში. ნავანეთემ პილეი დარწმუნებულია, რომ თანამშრომლობა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისსა და საქართველოს პარლამენტს შორის გაგრძელდება და კიდევ უფრო გაფართოვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები