„შეიძლება ამერიკის სენატში განსხვავებულად ფიქრობენ, მაგრამ ეს ამერიკის პოზიცია არ არის“
დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორების განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, რამდენიმე ადამიანი შეიძლება განსხვავებულად ფიქრობდეს ამერიკის შეერთებული შტატების სენატშიც, კონგრესშიც, მთავრობაშიც, მაგრამ ეს არ არის, ზოგადად, აშშ-ის პოზიცია.
“ამერიკის და ცივილიზებული სამყაროს, ასევე თავისუფალი სამყაროს პოზიცია არის ერთი – როცა არის დანაშაულის ნიშნები, იქ უნდა ჩატარდეს გამოძიება, უნდა ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი სასამართლო, სხვანაირად თავისუფალი სამყარო ვერ იარსებებს”, – აღნიშნა სუბარმა. მისივე თქმით, ყველამ უნდა იაროს იმ გზით, რაც არის კანონის მოთხოვნა.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატორები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის გამო იმედგაცრუებას გამოხატავენ. ამის შესახებ ნათქვამია სენატორების განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სენატის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.