პაატა მანჯგალაძე: უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არ არის არც პრაგმატული, არც მორალურად სწორი და არც პოლიტიკურად გამართლებული
“შექმნილ ვითარებაში დაშლის პირას მყოფი რუსეთის იმპერიასთან რაზეც შეიძლება, საქართველომ ისაუბროს, არის დეოკუპაციის საკითხი, ხოლო ამ დროს რძის პროდუქტების, მსხლისა და ვაშლის გატანაზე საუბარი არის პოლიტიკური უზნეობა და უგუნურობა”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არ არის არც პრაგმატული, არც მორალურად სწორი და არც პოლიტიკურად გამართლებული.
“ძალიან სამწუხაროა, რომ რეგიონში შექმნილ ასეთ მძიმე ვითარებაში საქართველოს ჰყავს “ქართული ოცნების” მსგავსი ხელისუფლება, რომელიც არ გამოხატავს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიულ არჩევანს და ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს. რაც შეეხება უკრაინის რადას თავმჯდომარის წერილს, ადამიანურად ჩემთვის ძალიან მძიმე იყო მისგან ჩვენთვის იმის მითითება, რომ მაშინ, როცა უკრაინელებს ჩვენს საერთო მტერთან, რუსეთთან ომი აქვს ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს და უფრო მეტიც, ამ ომის ფონზე გარკვეული ეკონომიკური სარგებლის მიღებასაც ვცდილობთ. ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის პოლიტიკური პრინციპი, რაც მორალურად გაუმართლებელია ვერ იქნება პოლიტიკურად სწორი, მთავარი პრინციპია მით უფრო ომის პირობებში. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არ არის არც პრაგმატული, არც მორალურად სწორი და არც პოლიტიკურად გამართლებული.
შექმნილ ვითარებაში დაშლის პირას მყოფი რუსეთის იმპერიასთან რაზეც შეიძლება, საქართველომ ისაუბროს, არის დეოკუპაციის საკითხი, ხოლო ამ დროს რძის პროდუქტების, მსხლისა და ვაშლის გატანაზე საუბარი არის პოლიტიკური უზნეობა და უგუნურობა. მე აბსოლუტურად მესმის რადას თავმჯდომარის მომართვის სულისკვეთება, წუხილი და ძალიან სამწუხაროა, რომ რეგიონში შექმნილ ასეთ მძიმე ვითარებაში საქართველოს ჰყავს “ქართული ოცნების” მსგავსი ხელისუფლება, რომელიც არ გამოხატავს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიულ არჩევანს და ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს. მე მინდა, იცოდნენ, ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა, რომ ჩვენი გუნდი “სტრატეგია აღმაშენებელი” ყოველთვის უჭერდა და უჭერს მხარს უკრაინელების სამართლიან ბრძოლას თავისუფლებისთვის და ამას ვაკეთებთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ – საქმითაც. იცით ალბათ, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე და გუნდის რამდენიმე წევრი ომის დაწყების დღიდან იმყოფება უკრაინაში და აქტიურად არის ჩართული როგორც ჰუმანიტარულ, ასევე, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობებში, რომლებზეც აქ არ ვისაუბრებ”, – განაცხადა მანჯგალაძემ.