პროკურატურამ მამა-შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის და მუქარის ფაქტებზე დაკავებულ პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მამა-შვილის – ა.დ.-ს და გ.დ-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის და მუქარის ფაქტებზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 8 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ.თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, ავტომანქანის პარკირების გამო, ამავე კორპუსში მცხოვრებ მამა-შვილს ა.დ.-ს და გ.დ-ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ ამავე კორპუსში მცხოვრებ ა.მ.-სთან. ამ უკანასკნელს შელაპარაკებისას გამოესარჩლა მეუღლე ი.ყ., რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამა-შვილს, ასევე დანით მიაყენა ჭრილობები ორივეს ხელის არეში და ხელყუმბარის გამოყენებით მათ ოჯახს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ი.ყ. 9 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ი.ყ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.