ზურაბ აბაშიძემ და კონსტანტინე ზარნაძემ თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე, გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, თბილისის 47-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა და უკრაინის მხარდამჭერ კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოლიდარობის კამპანიის – „უკრაინისთვის“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ნახატების გამოფენა მოაწყვეს და უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული ტვირთი – პირველადი საჭიროების პროდუქტები და ნივთები შეაგროვეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ხაზი გაუსვა მოსწავლეების მხრიდან უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვის მნიშვნელობას და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მისი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე. ზურაბ აბაშიძე: „ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდებით, რომლებიც უკრაინელი ხალხისადმი დიდ მხარდაჭერას გამოხატავენ და ასეთ რთულ დროს გვერდში უდგანან ჩვენს მეგობარ ერს.

მადლობა მინდა ვუთხრა თბილისის 47-ე საჯარო სკოლის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს სოლიდარობის კამპანიის ორგანიზებაში.

ყველა ვთანხმდებით, რომ მომავალი თაობებისთვის სწორი ღირებულებებისა და ჯანსაღი შეხედულებების ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს სწორედ სკოლა და მასწავლებელი ასრულებს. მჯერა, საგაკვეთილო პროცესში მსგავსი კამპანიებისა და სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობების შეთავაზებით, სკოლები კიდევ უფრო მეტად შეუწყობენ ხელს ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმებისა და სტრატეგიული კავშირების გაძლიერების აუცილებლობის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ იცოდეს რომელ მხარეს იდგეს – ისინი ორიენტირებული უნდა იყვნენ ქვეყნის განვითარებაზე და იზრუნონ, საქართველოს ევროპულ მომავალზე.“

აღსანიშნავია, რომ თბილისის 47-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაცია კამპანიის დასრულების შემდგომ უზრუნველყოფს მოსწავლეების მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთის ბელიაშვილის ქუჩის #5-ში მიტანას. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მისამართზე მისამართზე თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით ფუნქციონირების ჰუმანიტარული დახმარების მიმღები პუნქტი, სადაც ნებისმიერ ადამიანს, კომპანიასა, თუ ორგანიზაციას პირველადი მოხმარების ნივთებისა და პროდუქტების ადგილზე მიტანით, შეუძლია ჩაერთოს ჰუმანიტარული დახმარების კამპანიაში. კამპანიის ფარგლებში მიღებული ტვირთი შეგროვდება და ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით უკრაინაში გაიგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები