ზელენსკის მრჩეველი: რუსი ოკუპანტები კიევის აღებას ვერ შეძლებენ
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსი ოკუპანტები კიევის აღებას ვერ შეძლებენ.
მისი თქმით, აგრესორები უკრაინელ სამხედროებთან ბრძოლაში მარცხდებიან და სწორედ ამიტომ ცდილობენ, დასახლებულ პუნქტებსა და საავადმყოფოებზე თავდასხმით ადამიანები ფსიქოლოგიურად გატეხონ.
“რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა, ბრძოლის ველზე ჩვენი ბიჭები დაამარცხოს, ამიტომ, მათ თავიანთი საყვარელი სირიულ-ჩეჩნური ტაქტიკით მოქმედება დაიწყეს, რომელიც მოქალაქეების ტერორისკენ არის მიმართული. დაიწყეს დასახლებული პუნქტების და სახლების, ასევე, სამშობიაროების დაბომბვა. მარიუპოლში რაც მოხდა, ყველამ ნახეთ. ადამიანების ფსიქოლოგიურ გატეხას ცდილობენ.
როგორც ჩანს, მტერთან მოლაპარაკებებით ვერაფერს მივაღწევთ. ისინი უნდა გაანადგურო ისე, როგორც ამას ჩვენი არმია აკეთებს. მინდა დედაქალაქის მცხოვრებლები დავამშვიდო, კიევს მტერი ვერ აიღებს, ეს შეუძლებელია. კიეველებს შეუძლიათ, ამაზე არც კი ინერვიულონ. დედაქალაქს საკმაოდ დიდი არმია და ძალა იცავს, მისკენ წამოსულ მტერს ანადგურებს. უკრაინელმა სამხედროებმა რუსული პოლკის მეთაურიც კი მოკლეს, რომელმაც კიევზე შეტევა დაიწყო. ფიზიკურად და ტექნიკურად შეუძლებელია, 6 მილიონ ნახევრიანი ოლქი აიღო. ასე რომ მტერი დედაქალაქში ვერ შემოვა”, – თქვა არესტოვიჩმა.