საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „გირჩმა” „იარაღის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი დაარეგისტრირა

“პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის” მიერ პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტი „იარაღის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ითვალისწინებს იარაღის ტარების უფლების დაბრუნებას იმ პირებისთვის ვისაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისთვის ერთხელ უკვე ჰქონდათ ასეთი უფლება, თუმცა სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ეს უფლება დაკარგეს”, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კანონპროექტის თანახმად, იარაღის ტარების უფლება უნდა მიენიჭოთ: ყოფილ პოლიციელებს, ყოფილი დაცვის სამსახურის თანამშრომლებს, ყოფილ ჯარისკაცებს, ვეტერანებს, ასევე ყოფილ მოსამართლეებს და პროკურორებს. „ყველას გვესმის რა საფრთხის წინაშე არის მთელი მსოფლიო ბოლო პერიოდში უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ. ამ წუთას, საქართველოს მთავრობას, ჩვენთან რომ მოხდეს იგივე შემთხვევა, არ აქვს არც გაქცევის გეგმა, როგორ გავრბივართ, არც ბრძოლის გეგმა, როგორ ვიბრძვით. ასეთ დროს, ჩვენ მიგვაჩნია აუცილებლად, რომ ადამიანებს, მინიმუმ, მივცეთ თავდაცვის საშუალება, რომ თვითონ როგორც წარმოუდგენიათ თავის დაცვა ისე მოემზადონ და ამისკენ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯები.

უკრაინის წარმატება თუ რამეში მდგომარეობს მდგომარეობს იმაში, რომ მან გააჩინა რწმენა რუს ჯარისკაცებში, რომ ყველა უკრაინელი შეიარაღებულია და შეიძლება ყველა ჩემი მტერი იყოს”, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ. მისი თქმით, მთავარი დასაყრდენი ძალა მტერთან ომის პერიოდში უნდა იყოს რეალურად ჩვეულებრივი ხალხი და არა ჩვენი სამხედრო შეიარაღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები