რუსეთი ევროპის საბჭოს სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებს
რუსეთი ევროპის საბჭოს სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“ევროკავშირი და ნატო – რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნები, ბოროტად იყენებენ თავიანთ აბსოლუტურ უმრავლესობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში (CMCE), აგრძელებენ ევროპის საბჭოს და ევროპის საერთო ჰუმანიტარული და სამართლებრივი სივრცის განადგურებას.
მოვლენების მიმდინარეობა შეუქცევადი ხდება. რუსეთი არ აპირებს, შეეგუოს კოლექტიური დასავლეთის მიერ განხორციელებულ ამ დივერსიულ ქმედებებს, „წესებზე დაფუძნებული წესრიგი“ შეერთებული შტატებისა და მისი თანამგზავრების მიერ ფეხქვეშ გათელილი საერთაშორისო სამართლის სანაცვლოდ.
რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას ნატო-სა და ევროკავშირის მიერ, უძველესი ევროპული ორგანიზაციის დასავლური უპირატესობისა და ნარცისიზმის პლატფორმად გარდაქმნაში”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკრაინაში შეიარაღებული თავდასხმის გამო, 25 თებერვალს რუსეთს ევროპის საბჭოში წევრობა შეუჩერეს.