საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად კახა კალაძე აირჩიეს

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ორგანიზებით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა რიგით მეშვიდე ეროვნული ასამბლეა იმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, თბილისის მერი კახა კალაძე აირჩიეს.

მასშტაბური ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, კახა კალაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „ასამბლეაზე ჩვენ ვიმსჯელებთ ასოციაციის სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვის ანდობს ასოციაცია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მართვის საკითხებს, რათა ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი, ქმედითი, ხელშესახებ შედეგებზე ორიენტირებული გახდეს და ხელი შეუწყოს თითოეული მუნიციპალიტეტის გაძლიერებას. გარდა იმისა, რომ ვირჩევთ ასოციაციის პრეზიდენტს, აღმასრულებელ საბჭოს და სარევიზიო კომისიას, ასევე, ცვლილებები შედის ასოციაციის წესდებაში. თითოეული ცვლილება, რომელიც ეხება ასოციაციის საქმიანობას, პირდაპირ აისახება საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივ თვითმმართველობებზე, რადგან მოგეხსენებათ, ასოციაცია 2004 წლიდან მუშაობს თვითმმართველობების განვითარებისა და კოორდინაციის საკითხებზე და მისი როლი ამ პროცესში, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანია. ამის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ნაყოფიერი თანამშრომლობა ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თანამშრომლობის შედეგად, ასოციაცია კიდევ ერთ პროექტს იწყებს, რომლის განხორციელება 2023 წლამდე გასტანს. „საუბარია პროექტზე – „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“, რომელშიც დედაქალაქთან ერთად, კიდევ 12 მუნიციპალიტეტია ჩართული.

კერძოდ, ჩოხატაურის, ოზურგეთის, წყალტუბოს, ზესტაფონის, დედოფლისწყაროს, ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, ონისა და ბორჯომის თვითმმართველი ერთეულები. აღნიშნული პროცესი თვითმმართველ ერთეულებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, რომ სოციალური ინკლუზიის, თანაბარი შესაძლებლობებისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელონ. პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერას, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენის მიზნით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა. ღონისძიებაზე, რომელსაც ასამბლეის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვება, დამსწრე საზოგადოებას, ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, ევროპის საბჭოს კონგრესის ადგილობრივი ხელისუფლების პალატის პრეზიდენტმა ბერნდ ვიორინგერმა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუამ და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს გენერალურმა მდივანმა ფრანჩესკო როსიმ.

დღესვე, ასოციაციის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ ევროპის საბჭოს კონგრესის საერთაშორისო პროგრამების უფროსი მარიტე მორასი და ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა, რის შემდეგაც შეხვედრას გიორგი ტყემალაძე შეაჯამებს. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, რომელიც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტს აერთიანებს, 2004 წლის 17 დეკემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაფუძნდა. აღსანიშნავია, რომ ათეა არის საქართველოს მთავრობის პარტნიორი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის თვითმმართველობათა პალატაში დელეგაციის წარდგენისას, ასევე, ასოციაცია წარმატებით თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის არაერთ ევროპულ გაერთიანებასთან. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა VII ეროვნული ასამბლეა, რომელიც სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ იმართება, ევროპის საბჭოს კონგრესისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები