მამუკა მდინარაძე: აბსოლუტურად უსაფუძვლო და შეგნებულად შექმნილი აღმოჩნდა აჟიოტაჟი იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების განსაკუთრებული მიგრაცია შეინიშნება
“უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის და წარმოებული საომარი მოქმედებების კვალდაკვალ, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას გაჩაღებული აქვს მძლავრი საინფორმაციო ომი საქართველოს ხელისუფლების და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საინფორმაციო ომში ჩართულია რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტურად ყველა საინფორმაციო საშუალება და პარტიული აქტივი მთლიანი რესურსით, რომლებიც თავიანთ მავნებლურ კამპანიას რამდენიმე მიმართულებით აწარმოებენ.
„უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის და წარმოებული საომარი მოქმედებების კვალდაკვალ, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას გაჩაღებული აქვს მძლავრი საინფორმაციო ომი საქართველოს ხელისუფლების და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. მსგავსი პრეცედენტი დღეს არ ფიქსირდება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში მიუხედავად იმისა, შეუერთდა თუ არა ესა თუ ის ქვეყანა სანქციებს, აგზავნის თუ არა მთავრობის ოფიციალური თანხმობით მოხალისეებს და ა. შ.
მაგალითად, ვნახეთ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო და შეგნებულად შექმნილი აღმოჩნდა აჟიოტაჟი იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების განსაკუთრებული მიგრაცია შეინიშნება.
რაც შეეხება კონკრეტული მოქალაქეების შემოშვება-არშემოშვების საკითხს, რაზეც პერიოდულად გარკვეულ კონკრეტულ ნეგატიურ კამპანიებს ვაწყდებით ხოლმე საინფორმაციო სივრცეში, როგორც ჩვენი მხრიდან უკვე გახმოვანდა, სხვა ქვეყნის მოქალაქის საქართველოში შემოსვლის დროს შესაბამისი უწყებები, აზღვევენ ყოველგვარ თეორიულ რისკსაც კი და შემოშვების შესახებ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად, იღებენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.