ირაკლი ალასანია: სენატორები უნდა დაელოდონ მართლმსაჯულებას და პატივი სცენ საქართველოს კანონებს
სენატორები უნდა დაელოდონ მართლმსაჯულებას და პატივი სცენ საქართველოს კანონებს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია რამდენიმე ამერიკელი სენატორის მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას. მისი თქმით, მთავარია გამოძიება იყოს ობიექტური, სასამართლო კი დამოუკიდებელი.
“ეს ყველა ჩვენგანის თვალწინ ხდებოდა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის, რომ შეიარაღებული ძალები იქნა გამოყენებული მოსახლეობის წინააღმდეგ უკანონოდ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ველოდებით გამოძიებას და მის შედეგებს. გამოვლენილი უნდა იქნეს დამნაშავეები. მთავარია, რა თქმა უნდა, რომ გამოძიება იყოს ობიექტური, გამჭვირვალე და სასამართლო იყოს დამოუკიდებელი”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ეჭვმიტანილების დაცვის უფლება უნდა იყოს გარანტირებული, რომ არავის არ გაუჩნდეს იმის ეჭვი, რომ აქ არის პოლიტიკური მოტივაცია.
“ამასთანავე ეს არის ძალიან გამაფრთხილებელი სხვა ხელისუფლებებისათვის, რომლებიც საქართველოში იქნება, პირველ რიგში ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ სახელისუფლებო თანამდებობაზე ყოფნა არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას და კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პატივს ვცემ სენატორებს, ჩვენს მეგობრებს, ისინი მართლა საქართველოს მეგობრები არიან. მესმის, რომ მათ აქვთ გარკვეული შეშფოთებები, მაგრამ დაელოდონ მართლმსაჯულებას და პატივი სცენ საქართველოს კანონებს”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატორები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის გამო იმედგაცრუებას გამოხატავენ. ამის შესახებ სენატორების განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც აშშ-ის სენატის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
ამერიკის სენატორები ჯონ მაკკეინი, ბენ კარდინი, ჯინ შაინი და ჯიმ რიში ეხმაურებიან საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მთავრობის მრავალი ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.