„რეალობაა ის, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და პროპაგანდისტული ტელეარხები ცდილობენ, ყველანაირად ჩართონ საქართველო ამ კონფლიქტში“, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავა უკრაინაში მიმდინარე ომს გამოეხმაურა. კინორეჟისორმა საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ ისაუბრა.
„ასეთი საშიშროება, რომლის წინაშეც დღეს მთელი მსოფლიო აღმოჩნდა, მსოფლიოს არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ სისხლისმღვრელი ომი იყო, ათეულობით მილიონი ადამიანი დაიღუპა, უამრავი ქვეყანა დაინგრა, დაზიანდა, ის საფრთხე, რომელიც დღეს მსოფლიოს ემუქრება, ძალიან რეალურია. ეს ბირთვული საფრთხეა. აგრესორი დაუფარავად აცხადებს, რომ თუ მის ქვეყანას საშიშროება შეექმნება, ბირთვული იარაღის გამოყენებას არ მოერიდება. ისიც კი თქვა, თუ რუსეთი არ იარსებებს, ვის რად უნდა ეგეთი მსოფლიოო. მსოფლიო ლიდერების განცხადებები ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ ეს საფრთხე რეალურია და ყველა ცდილობს, თავისი ქვეყანა დაიხსნას, ეს საშიშროება აარიდოს. ეს მარტო ბირთვული საშიშროება არ არის, ესა ომის გავრცელების საფრთხე. ჩვენ რეალურად მოწმენი ვართ იმისა, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო. როგორ გაგრძელდება, გაგრძელდება თუ არა და რამდენად მოახერხებს ადამიანი, თავიდან აიცილოს ეს უბედურება, ეს ძნელი წარმოსადგენია, ამ პროგნოზის გაკეთება უმადური საქმე იქნება. ერთი რამ ცხადია, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ლიდერი, საზოგადოება, მოქალაქეები ცდილობენ, როგორმე აარიდონ საკუთარ ქვეყანას ის საფრთხე, რომელიც ყველას მოადგა. შუა ევროპაში გამძვინვარებული ომი მიდის. ანადგურებენ ადამიანებს, ქალაქებს, ყველაფერს, რაც გარშემო ცოცხალია. მთელს მსოფლიოს ამის საწინააღმდეგოდ არანაირი იარაღი არ გააჩნია.
ამ განსაცდელში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ახლო ქვეყანა მარტო დარჩა, ვერავინ ვერაფერს აკეთებს. ეს რეალობაა. ისევე – როგორც რეალობაა ის, რომ ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და პროპაგანდისტული ტელეარხები ცდილობენ, ყველანაირად ჩართონ საქართველო ამ კონფლიქტში“, – განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, ომის პროპაგანდა მიზანმიმართულად ხდება.
„ყველა ფორმითა და ხერხით ცდილობენ, საქართველოს გარშემო შექმნან ისეთი განწყობილება, რომ, თითქოს, საქართველო მხარს უჭერს რუსეთს, არის უკრაინის საწინააღმდეგოდ და პუტინის ერთგული თანამგზავრია. ამ რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს. დაიწყო თუ არა უკრაინაში სამხედრო მოქმედება ვინმე გონჩარენკომ, რომელიც რადას დაპუტატია, ქართველებს მოგვმართა: მოვიდა დრო, რომ ხელში იარაღი აიღოთ და ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოთო. ეს განცხადება და გონჩარენკო ვარსკვლავი გახდა „მთავარ არხზე“, „ფორმულაში“, „TV პირველში“. დღე და ღამე ტრიალებდა გონჩარენკო, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა ქართველებს, იარაღით ხელში ტერიტორიული მთლიანობა აღედგინათ, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე ომი დაწყებულიყო. ყველას კარგად გვესმის, რა პასუხი იქნებოდა ამაზე გამძვინვარებული რუსეთის მხრიდან. ამის პარალელურად, Youtube-ზე, სოციალურ ქსელებში ყველა პლატფორმაზე გაჩნდა ვიდეო, სადაც პირაკრული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული, იარაღით ხელში ქართველები მოუწოდებენ საქართველოს, იარაღით ხელში აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, ანუ ცხინვალსა და აფხაზეთში სამხედრო მოქმედება მოახდინონ. განსაკუთრებით თქვენ, პრესის წარმომადგენლებმა კარგად იცით, სოციალურ ქსელებში რეკლამა რას ნიშნავს და რამდენი ფული სჭირდება. მინდა, გითხრათ, რომ ეს ვიდეო ძალიან სერიოზულად იყო დაფინანსებული. რეალურად, ყველა შემთხვევაში, როგორც კი შევდიოდი youtube-ზე ან რომელიმე სოციალურ ქსელში, ეს ვიდეო პირდაპირ თვალებში მხვდებოდა. ამის პარალელურად, ვინმე ლუკ კოფი , რომელსაც ექსპერტად მოაქვს თავი, აშშ-ში მოუწოდებდა ნატო-ს, რომ საქართველო იარაღით გაეძეძგათ. ეს განცხადებაც ფართოდ იყო გაშუქებული იმ პროპაგანდისტული არხების მიერ, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, საქართველო იმ კონფლიქტში ჩართონ, რომელიც დამანგრეველია არა მარტო უკრაინისთვის, არამედ – ევროპისთვის, მთელი მსოფლიოსთვის.
პარალელურად, იგივე არხები ღიად, დაუფარავად ყველანაირად აპიარებენ ვინმე იური შვეცს. რომელიც არის КГБ-ს მაიორი, რომელიც თავის დროზე აშშ-ში იყო შეგზავნილი , მუშაობდა როგორც „ტასის“ კორესპონდენტი, დაამთავრა სადაზვერვო სკოლა, რომელშიც ვლადიმერ პუტინიც სწვალობდა. ეს ადამიანი აცხადებს და ამას დღე და ღამე ატრიალებენ „ფორმულა“, “tv პირველი”, “მთავარი არხი“, რომ, თითქოს, საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის მთავრობები რუსეთის მთავრობასთან ჩუმად აწარმოებენ მოლაპარაკებებს იმისათვის, რომ რუსეთს სანქციები თავიდან ააცილონ და სანქციების თავიდან აცილება საქართველოს მეშვეობით მოხდეს. აქ კითხვის ნიშნები აღარაა. თუ გონება გვაქვს, ამ ქვეყნის შვილები ვართ, მომავალზე ვფიქრობთ, ცხადად უნდა დავინახოთ, რომ ესაა ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ამ ქვეყნის დანგრევას, კონფლიქტში ჩათრევას. შედეგი რა იქნება, ყველასთვის კარგად ცნობილია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ომის მეორე დღეს როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალში გამოცხადებული იყო სამხედრო მზადყოფნა N 1, ამის შესახებ სოხუმსა და ცხინვალში მარიონეტული მთავრობების წარმომადგენლებმა პირდაპირ განაცხადეს. არც ცხინვალში და არც სოხუმში არანაირი სხვა სამხედრო დაჯგუფებები, გარდა რუსულისა, არ არსებობს,
ნათელია: იმისათვის, რომ საქართველოს პარალიზება, სამხედრო ძალით გახლეჩა სრულად მოხდეს, დაახლოებით, 45 წუთია საჭირო. რუსეთის სამხედრო გემებით, რომლებიც იქვე, ნეიტრალურ წყლებში დგანან, ფოთის აკვატორია გადაიკეტება, გორიდან თბილისამდე ტანკებს 45 წუთი უნდათ, რომ შემოვიდნენ და დასავლეთ საქართველო მოიჭრება, გიუმრის ბაზაც აგერაა, გვერდით. მიუხედავად ამისა, ჩვენ, ყველა მომსწრენი ვართ იმისა, როგორ მიზანმიმართულად ხდება ომის პროპაგანდა”- განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, საერთაშორისო ინსტიტუტებში საქართველოს შესახებ დეზინფორმაცია მიდის.
“ყველაზე სამარცხვინო და სავალალო რაცაა ჩვენთვის, ეს ყველაფერი ხდება არა მარტო საქართველოში, არამედ – საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მე თქვენი კოლეგა ვარ, ძალიან კარგად ვიცი და ვხედავ, სპეციალურად ხდება პროვოკაციები პოლიციასთან, ამ პროვოკაციების მეორე ნაწილს იღებენ, არ იღებენ იმას, როგორ იწყება ეს პროვოკაციები, იღებენ იმას, პოლიცია ამა თუ იმ კანონის დამრღვევს როგორ აკავებს. ეს ყველაფერი საერთაშორისო ასპარეზზე ნაჩვენებია, როგორც საქართველოს სახელმწიფოს და პოლიციის ბრძოლა იმ ადამიანებთან, რომლებიც ომს აპროტესტებენ და მხარს უჭერენ უკრაინას. ეს ხდება ყოველდღე, მიზანმიმართულად. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტში: ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში, აშშ-ში, ვენაში, ბრიუსელში, ყველგან მიდის დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო მხარს უჭერს პუტინს, საქართველო პუტინთან ერთად უკრაინას ებრძვის. ამას სათავეში უდგას მიხეილ სააკაშვილი, ალასანია, ლაკა ხოშტარია, სამადაშვილი, გიგა ბოკერია, ვინმე კანდელაკი, რომელიც თავი დროზე დადიოდა და ევროპარლამენტის წევრებს ეუბნებოდა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის ხმა არ მიეცათ.
მივმართავ ქართულ საზოგადოებას: აღარაა ის დრო, როდესაც ჩვენი მხრიდან დასაშვებია ის გულგრილობა, რითაც ვუდგებით ამ ბოროტმოქმდების, ბოროტი ძალის, საქართველოს დამანგრევლების მოქმედებას. საქართველო არაა მათი სამშობლო. ესაა მხოლოდ ასპარეზი იმისათვის, რომ თავისი ვნებები დაიკმაყოფილონ. „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან მოყოლებული საპარლამენტო არჩევნები სამჯერ მოიგო, ასევე, მოიგო ყველა არჩევნები, რაც ჩატარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველი საზოგადოება, ამომრჩეველი ამ პოლიტიკურ ძალას მყარად უჭერს მხარს. როცა შენ საქართველოს მთავრობას აცხადებ უკრაინის მტრად და პუტინის მეგობრად, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ამომრჩეველი, ვინც ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“, პუტინის ერთგულია, უკრაინის მტერი და პუტინის მეგობარია. ეს მტკნარი სიცრუე და ბოროტმოქმედებაა. ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაა. მინდა, რომ ამ რეალობაზე დავფიქრდეთ, აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება გამოვიტანოთ. ეს არც მთავრობას, არც მხედრობას არ მივანდოთ, ამ ბოროტმოქმედებს განაჩენი თავად საქართველოს მოქალაქეებმა გამოვუტანოთ. ეს იქნება სიმბოლური, ბუნებრივია, ჩვენ არ ვართ მოსამართლეები. მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, ეს ადამიანები საქართველოს ღალატის გამო გასამართლდებიან“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.