„კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ პირდაპირ დაასახელა ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობით არიან დაკავებულნი.
მან ახსენა კაგებე-ს მაიორი შვეცი და ექსპერტი კოფი, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოსთან მიმართებით არაერთ განცხადებას აკეთებენ. მათი მიზნების პროპაგანდისტულ მხარდაჭერაში ხაინდრავამ “ტვ პირველი”, “ფორმულა” და “მთავარი არხი” დაადანაშაულა.
„ვინმე პოლ კოფი, თავი რომ ექსპერტად მოაქვს, აშშ-ში მოუწოდებდა ნატო-ს – საქართველო გაძეძგეთ იარაღითო და ეს განცხადება ძალიან მსუყედ იყო გაშუქებული პროპაგანდისტული არხების მიერ, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, საქართველო ჩაითრიონ იმ ომში, რაც დამანგრეველია სრულიად ევროპისთვის. პარალელურად, ეს ტელევიზიები ცდილობენ და ყველანაირად აპიარებენ ვინმე იური შვეცს, რომელიც არის კაგებე-ს მაიორი, შეგზავნილი იყო თავის დროზე აშშ- ში, როგორც „ტასის“ კორესპოდენტი და დაამთავრა სადაზვერვო სკოლა, სადაც სწავლობდა პუტინი. დღედაღამე ატრიალებენ “ფორმულა”, “ტვ პირველი” და “მთავარი არხი” ამ ადამიანების ინტერვიუებს, თითქოს, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთთან ჩუმად აწარმოებენ მოლაპარაკებებს, იტყუებიან, თითქოს, ჩვენ ვცდილობთ – ავარიდოთ რუსეთს სანქციები. აქ კითხვის ნიშნები აღარ არის, თუ გონება გვაქვს და ამ ქვეყნის შვილები ვართ, უნდა ცხადად დავინახოთ, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება და მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის კონფლიქტში ჩათრევასა და ამ ქვეყნის დანგრევას“.