ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროკავშირში წევრობა
“მიმაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროკავშირში წევრობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპამ თავისი მიდგომა და დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა იმ ქვეყნების მიმართ, ვისაც ევროკავშირის მიმართ ასპირაცია გააჩნიათ.
„ევროკავშირის მაღალ სტანდარტებთან ბევრი სფეროს მისადაგება მოგვიწევს. აქედან გამომდინარე, საგნობრივი მსჯელობა იქნება ყველა რეფორმასთან დაკავშირებით დაწყებული სასამართლო რეფორმიდან, დამთავრებული სოციალური საკითხებით. ეს პროცესი მიმართული იქნება ქვეყნის განვითარებისკენ, რადგან ამ რეფორმებმა ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტებთან უნდა დააახლოოს. რა თქმა უნდა, იქნება შენიშვნები და შეფასებები. ეს არის ძალიან ცოცხალი პროცესი, სადაც ვეცდებით, წარმატებული ვიყოთ. ომის დროს ვხედავთ, უკრაინის მხრიდან რამხელა მოთხოვნაა უკრაინის მხრიდან უფრო აქტიური დაცვის, მათ შორის, არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების დონეზე, არამედ – სანქციების დონეზე, რაც რუსეთის ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზიანებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ომში, უკრაინას ქმედითი დაცვა სჭირდება. ევროპამ თავისი მიდგომა და დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა იმ ქვეყნების მიმართ, ვისაც ევროკავშირის მიმართ ასპირაცია გააჩნიათ. ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ რეფორმები არ გვექნება გასატარებელი, მაგრამ ამ რეფორმების გზაზე მათი დახმარება და დამოკიდებულებაც იქნება უფრო ადეკვატური და დაახლოებული მიზნების მიღწევასთან.
მიმაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროკავშირში წევრობა. ევროკავშირის წევრი ვერ გახდები, თუ გარკვეულ სტანდარტებამდე არ მიხვალ. ეს არის მოცემულობა, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფნის და გარკვეული სტანდარტების შესაბამისობა სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.