პარლამენტში უკრაინაში ომით დაზარალებული, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დახმარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ინიციატივით გაიმართა შეხვედრა, სადაც უკრაინაში ომით დაზარალებული ბავშვების დახმარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო იმ შესაძლებლობებისა და გზების გაანალიზება, რომელიც საქართველოს შეუძლია შესთავაზოს უკრაინელ ხალხს მიმდინარე საომარი მოქმედებების პირობებში მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებთან მიმართებით. შეხვედრის ინიციატორებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ღასან ხალილის მიმართ, რომელმაც ინიციატივის მხარდაჭერა და სამუშაო ჯგუფში ჩართულობის სურვილი გამოხატა. შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი ძალისხმევით უკრაინელი ბავშვებისთვის დახმარების გასაწევად კოორდინაციისა და თანამშრომლობის გზები.
ცალკე საკითხად გამოიკვეთა საქართველოში მყოფი უკრაინელი ოჯახების ბავშვებისთვის სოციალური და საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილების პრიორიტეტული აუცილებლობა. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის საკომუნიკაციო არხის შექმნაზე, რომელიც მუშაობას გააგრძელებს კონკრეტული მიმართულებებით. უკრაინის ტერიტორიაზე უშუალოდ მყოფ ბავშვებთან დაკავშირებით, რომელთაც მზრუნველობის მწვავე საჭიროება აქვთ, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პირველ ეტაპზე, საგარეო საქმეთა სამინისტრო იმუშავებს კონკრეტულ საჭიროებათა იდენტიფიცირების მიმართულებით და შედგება კომუნიკაცია დიპლომატიური არხების მეშვეობით. ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი კონკრეტული ჰუმანიტარული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. შეთანხმდა ამ ჯგუფის შემადგენლობით შემდგომი თანამშრომლობის გზები და პრინციპები.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, აგრეთვე ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეები, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე.