სამტრედიის მუნიციპალიტეტში საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა მოეწყო

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა მოეწყო.

შეხვედრები, მუნიციპალიტეტის 50-ვე სოფელში ჩატარდება და ადგილობრივებს საშუალება მიეცემათ სოფლისთვის განკუთვნილი თანხით, მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურული პროექტები შეარჩიონ.

საპროექტო წინადადებების განხილვა დღეს ნაბაკევის ადმინისტრაციული ერთეულიდან დაიწყო, რომელსაც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვაჟა სტურუა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთან ერთად დაესწრო.

“მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები ჩვენთვის პრიორიტეტია. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში, წელს, რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელებას ვაპირებთ. მათ შორის, სკოლის რეაბილიტაცია და ამბულატორიის მოწყობას. სასურველია პროექტების შერჩევისას გავითვალისწინოთ მნიშვნელოვანი და საჭირო მიმართულება”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

სოფლის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის პრიორიტეტად შიდა საუბნო გზებისა და ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია, გარე განათების მონტაჟი, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ასევე სკვერების და სპორტული მოედნების კეთილმოწყობა დასახელდა.

,,მიხარია, რომ ჩემს სოფელში სასიკეთო საქმეები კეთდება. 84 წლის ასაკში კვლავ ჩემი კუთხის განვითარებაზე ვფიქრობ. ამდენი სასიკეთო საქმე სოფელში რაც გაკეთდა და იგეგმება ძალიან მახარებს. მადლობა განსაკუთრებით მერს, დავით ბახტაძეს, რომელიც უშუალო მონაწილეა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყველა პროცესის”, –  აცხადებს ადგილობრივი გიორგი გერგეშანია.

საერთო კრებების ჩატარება სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 17 მარტამდე დასრულდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები