გიორგი ცუცქირიძე: საქართველომ დამოუკიდებლობის 30-წლიან პერიოდში, თავისუფლებისათვის იმაზე მეტი გაიღო, ვიდრე რომელიმე ქვეყანამ პოსტსაბჭოთა სივრცეში
“საქართველომ დამოუკიდებლობის ამ 30-წლიან პერიოდში, თავისუფლებისათვის იმაზე მეტი გაიღო, ვიდრე რომელიმე ქვეყანამ პოსტსაბჭოთა სივრცეში”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ყირიმის ანექსიამ და სირიის კამპანიამ, რასაც აშშ -ს მიერ ავღანეთის დატოვება მოყვა, რუსეთისათვის საბედისწერო როლი ითამაშა უკრაინულ ფიასკოში. დარწმუნებული ვარ, გარდა ბლიცკრიგისა, არც ვარიანტი ბ ჰქონდათ და არც სხვა რაიმე სცენარი, ხოლო უკრაინაში სამამულო ომს, რომ მიიღებდნენ თეორიულ ასპექტშიც არ იქნებოდა დაშვებული. ამაზე მიუთითებს ბლიცკრიგის ჩავარდნის შემდეგ, ოპერაციების ქაოტური ხასიათი და დანაკარგების გაორმაგება, როგორც ცოცხალი ძალის, ისე სამხედრო ტექნიკის კომპონენტის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ რუსული არმია ქალაქების დაბომბვისას იყენებს მთელ მის არსენალს, ოპერატიულ-ტაქტიკური შეიარაღების გარდა.
დღეს, პუტინი ფაქტობრივად კედელთან არის მომწყვდეული, ის ეომება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ დასავლეთს ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ საკუთარ ხალხსაც. რუსეთის ეკონომიკა მოქცეულია ორმაგი ზემოქმედების, როგორც ომის ეკონომიკის მაღალი ხარჯების, ასევე საერთაშორისო იზოლაციის ქვეშ.
რუსეთი არ არის თუნდაც სსრკ, რომელიც საერთაშორისო სანქციების პირობებში, ავტარკიული ეკონომიკის მოდელი უფრო იყო, სადაც წარმოებული პროდუქტი შიდა რესურსებით იწარმოებოდა. ბოლო წლებში, მიუხედავად სანქციებისა, რუსული ეკონომიკა მაინც ღია იყო და წარმოებული პროდუქციაც მულტინაციონალური გახლდათ. ამიტომაც არის, ახალმა სანქციებმა ასე მოკლე დროში, რომ ჩამოშალა ეკონომიკა და ძეხვეულის წარმოებაც არ შეუძლია, ცალკეული ინტეგრიენტების მიწოდების წყვეტის გამო.
რუსეთს ელოდება სრული სატრანსპორტო კოლაფსიც, რაც ავია გადაზიდვების შეცერებასთან იქნება დაკავშირებული. ამასთან, აშშ-ის კონგრესში უკვე მზადდება სანქციების ახალი პაკეთი რუსული ენერგომატარებლების ემბარგოზე, რასაც მალე ცის სრული ჩაკეტვაც მოყვება.
რუსული ეკონომიკის ზარალი სხვადასხვა გათვლებით, რუსეთს 2019 წელთან შედარებით მინიმუმ 10-15 წლით უკან დაწევს, ომის გახანგრძლივებისას კიდევ უფრო მეტადაც, რასაც მზარდ უმუშევრობასთან ერთად, რაც უცხოური კაპიტალის გადინებას უკვე მოყვა, ბიუჯეტის სეკვესტრი და ცხოვრების დონის მკვეთრი ვარდნა მოჰყვება.
რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია, ჩვენთვის ახალ ფანჯარასაც გაჭრის, რადგან ყველა ის საერთაშორისო სატრანზიტო დერეფანი, რომელიც რუსეთზე გადიოდა ახალ ლოკაციებს მოძებნის და ერთ-ერთ ასეთ ლოკაციად სწორედ საქართველო განიხილება. საქართველოში არა მხოლოდ რუსეთიდან წამოსული კომპანიების არც თუ მცირე ნაწილი მოინდომებს საწარმოო სიმძლავრეების გადმოტანას, არამედ აზია- ინდოეთიდან წამოსული ტვირთების დიდი ნაწილიც ჩვენს დატრანზიტო დერეფანში გადმომისამართდება.
ჩვენ გვაქვს კარგი პერსპექტივები, თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილად ვიქცეთ, რომლის დროსაც ეკონომიკის გაორმაგება 5 წელიწადშიც კი თავისუფლად გახდება შესაძლებელი.
საქართველომ დამოუკიდებლობის ამ 30 წლიან პერიოდში, თავისუფლებისათვის იმაზე მეტი გაიღო, ვიდრე რომელიმე ქვეყანამ პოსტსაბჭოთა სივრცეში. უკრაინის ომამდე, რუსულ იმპერიულ მანქანასთან იყო 18 თვიანი ომი აფხაზეთში და 5 დღიანი ომი 2008 წელს.
ამიტომ, უკრაინის თავისუფლება პირდაპირ გადის ჩვენს თავისუფლებაზე და მთლიანად ცივილიზირებული სამყაროს მომავალსაც განსაზღვრავს.
დღეს მთავარი გამოწვევა არის საგარეო საფრთხეების თავიდან აცილება, ნებისმიერი დესტაბილიზაცია ამ საფრთხეებს ერთი ათად გაზრდის. რაც უფრო დროზე გამოვალთ ილუზიებიდან და პოლიტიკას ზედმეტი ემოციის ელემენტსაც მოვაცილებთ, მხოლოდ მოგებული დავრჩებით. ამ ომმაც გვიჩვენა, რომ ყველა ქვეყანა, პირველ რიგში საკუთარი გეოსტრატეგიული ინტერესებით მოქმედებს. ეს უკრაინასაც ეხება, დიდ ბრიტანეთსაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც.
სტაბილიზაციის შენარჩუნება და მიმდინარე გეოპოლიტიკური რყევების ქარიშხლის სათავისოდ გამოყენება უნდა იყოს ნომერ პირველი ამოცანაც და ქვეყნის პოლიტიკაც ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული .
უკვე მერამდენედ ვწერ, ჩვენ გვეძლევა შანსი რომელიც საუკუნეში ერთხელ შეიძლება მოგვეცეს, ამის ხელიდან გაშვებას არც შთამომავლობა და არც მომავალი არ გვაპატიებს!”,- წერს ცუცქირიძე.