ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენას 2024 წლისთვის ვგეგმავდით, თუმცა, რეგიონში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ “Deutsche Welle”-სთან ინტერვიუში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრა.
მისი თქმით, რეგიონში შექმნილმა ვითარებამ, განაცხადის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება დააჩქარა.
„გადავწყვიტეთ, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარგვედგინა. განაცხადის წარდგენას 2024 წლისთვის ვგეგმავდით. ამ დროის განმავლობაში, ვაპირებდით, იმ რეფორმების 2/3 ყოფილიყო გატარებული, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს ნაკისრი, თუმცა, რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატული აგრესიისა და მიმდინარე ომის ფონზე, რეგიონში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ჩვენ ასევე ვხედავთ ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მიერ აზრის ცვლილებას – მათ გააცნობიერეს, რომ ევროკავშირის დაცულობა ძალიანაა დამოკიდებული შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიის, უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოებაზე. ამიტომ, გადავწყვიტეთ, წარგვედგინა განაცხადი ჩვენს მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად. ცხადია, ვაცნობიერებთ, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები ხვალვე, ან თუნდაც, 2 წელიწადში ვერ გახდებიან, თუმცა, საბოლოოდ, ჩვენ გვჭირდება ცხადი სიგნალი ევროკავშირისგან, რომ ერთ დღეს, ეს ქვეყნები წევრები გახდებიან. შესაბამისად, ახლა, ჩვენ გვჭირდება, ვიყოთ კანდიდატი ქვეყნები. რაც შეეხება რუსულ ოკუპაციას – მოგეხსნებათ, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ყოველ დღე ვხედავთ რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს, ადგილი აქვს ადამიანების გატაცებას, დედაქალაქთან ახლოს, რუსეთის ტანკები ამ დრომდე დგანან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
წყარო: imedinews.ge