ოკუპანტებმა მელიტოპოლის სატელევიზიო ანძაზე კონტროლი მოიპოვეს და რუსული პროპაგანდისტული არხების ტრანსლირება დაიწყეს
რუსმა სამხედროებმა ალყაში მოაქციეს მელიტოპოლის სატელევიზიო ანძა და რუსული პროპაგანდა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“რუსმა სამხედროებმა ალყაში მოაქციეს მელიტოპოლის სატელევიზიო ანძა. მას ისინი აკონტროლებენ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ანძაზე საკუთარი აღჭურვილობა დაამონტაჟეს და რუსული არხების ტრანსლაცია დაიწყეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, ცნობილი გახდა ხერსონის სატელევიზიო ანძის აღების შესახებაც – სავარაუდოდ, აქაც რუსული პროპაგანდისტული არხების გაშვება იგეგმება.