რუმინეთში საქართველოს ელჩი: რუმინელი მესაზღვრეები ყურადღებით ეპყრობიან უკრაინიდან ყველა ლტოლვილს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს

რუმინეთში საქართველოს ელჩი, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი სოციალურ ქსელში რუმინეთ-მოლდოვის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე წერს და აღნიშნავს, რომ მესაზღვრეები ყურადღებით ეპყრობიან უკრაინიდან ყველა ლტოლვილს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს.

“გუშინ, დილის 5 საათზე რუმინეთ-მოლდოვის საზღვარზე წავედი. ჩემი თვალით ვნახე, რუმინელი მესაზღვრეები როგორ ყურადღებით და თავაზიანად ეპყრობიან უკრაინიდან ყველა ლტოლვილს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს. საბუთების შემოწმების პროცესი არის სწრაფი და შეუფერხებლად მიმდინარეობს. უკან წამოვიყვანეთ საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვი. ღამით ბუქარესტში დაბრუნებულს მეუბნებიან, რომ TV პირველზე უთქვამთ (არ მინახავს ჩანაწერი), – რუმინეთში საქართველოს საელჩომ თანამშრომელი გააგზავნოს რუმინეთ-მოლდოვის საზღვარზე ხალხის დასაკვალიანებლადო. დიდი სიამოვნებით გავაკეთებდით ამას, მაგრამ სიტუაცია ასეთია: რუმინეთ-უკრაინის საზღვარზე არის 10 გამშვები პუნქტი, რუმინეთ-მოლდოვის საზღვარზე არის 8 გამშვები პუნქტი. საელჩოში, ჩემი ჩათვლით, 3 დიპლომატია. ფიზიკურად შეუძლებელია ყველა გამშვებ პუნქტზე ყოფნა, რადგან ვინც საიდან ახერხებს, იქიდან შემოდის”, – წერს საქართველოს ელჩი.

ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის თქმით, საელჩო დღეში მინიმუმ 50 კაცს უწევს დახმარებას.

“მაგრამ, ალბათ, ისიც უნდა იცოდეთ, რომ ამ დღეებში საელჩოს ტელეფონები და ცხელი ხაზი არ გაჩერებულა დღისით თუ ღამით, დღეში მინიმუმ 50 კაცს მაინც ვუწევთ სხვადასხვა სახის დახმარებას და რჩევას, საკონსულო სამსახური გასცემს პირადობის დამადასტურებელი საბუთის არმქონე პირთათვის სამშობლოში დასაბრუნებელ მოწმობებს, ვეხმარებით მარშრუტის სწორად შერჩევაში, ბილეთების დაჯავშნაში, სადგურიდან სადგურში გადაყვანაში, დაბინავებაში (მათ შორის, საელჩოს თანამშრომლის ბინაში), კვებაში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ურთიერთობაში, გუშინ, ასევე, გამოიცა მთავრობის განკარგულება ამ კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებისთვის დახმარების თაობაზე. ყველაფრის აფიშირება არ და ვერ ხდება, ასე რომ, ნებისმიერი მოქალაქე, ვინც დაუკავშირდება საელჩოს, მის საკონსულო სამსახურს, დაუყოვნებლივ იღებს სათანადო განმარტებასაც და დახმარებასაც, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. საელჩოს კონტაქტები გაცხადებულია, ყველას შეუძლია დაგვიკავშირდეს ნებისმიერი საშუალებით, ტელეფონით, სოც. ქსელებით და ა.შ. არც არასდროს მიგვიტოვებია საქართველოს მოქალაქეები გასაჭირში და არც ახლა მივატოვებთ, იყავით დარწმუნებულები”, – წერს ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები