უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ცდება, თუკი ფიქრობს, რომ უკრაინელების გატეხა შესაძლებელია და გვაიძულებს, რომ დავნებდეთ, ხოლო უკრაინის განადგურების სურვილი მან ავადმყოფობას შეადარა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დღეს, 3 მარტს ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზუსტად ორი წლის წინ უკრაინაში Covid-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ერთი კვირის წინ: „უკრაინას შემოუტია ახალმა ვირუსმა, სხვა ავადმყოფობამ“.
„ერთი კვირის წინ, დილის 4 საათზე რუსეთი უკრაინაში შემოიჭრა. აგრესიის ღია გამოხატულება, დიდების მანია, დევნის მანია, მძიმე ფსიქოლოგიური კომპლექსები და შედეგად ვიღებთ სარაკეტო კომპლექსებს, სარაკეტო არტილერიას, ტანკებს, როგორც კალიების შემოსევას. პირველი საათები და დღეები ძალიან მძიმე იყო. მაგრამ ჩვენ ერთნი ვართ, ესე იგი, ჩვენ ძალა ვართ, რაც ნიშნავს იმას, რომ გავუძლებთ.
ზელენსკიმა აღნიშნა, რომ უკრაინამ თავის ისტორიაში ორი მსოფლიო ომი გადაიტანა, სამი შიმშილობა, ჰოლოკოსტი, ბაბი იარი, დიდი ტერორი, ჩერნობილის აფეთქება, ყირიმის ოკუპაცია და ომი აღმოსავლეთში.
„ჩვენ არ გვაქვს უზარმაზარი ტერიტორია – ოკეანიდან ოკეანემდე, არ გვაქვს ბირთვული იარაღი, ჩვენ არ ვამარაგებთ მსოფლიო ბაზარს ნავთობითა და ბუნებრივი აირით. მაგრამ ჩვენ გვყავს ჩვენი ხალხი და ჩვენი მიწა. ჩვენთვის ეს ოქროს ტოლფასია. არაფერი გვაქვს დასაკარგი, გარდა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსების. ჩვენთვის ეს ყველაზე დიდი ოქროა. ჩვენს განადგურებას ბევრჯერ ეცადნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. გვირტყამდნენ ზურგში, მაგრამ ჩვენ ფეხზე ვდგავართ. უნდოდათ, რომ ჩუმად ვყოფილიყავით, მაგრამ ჩვენი ხმა მთელმა მსოფლიომ გაიგო. ჩვენ იმდენი რამე გამოვიარეთ! და თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ უკრაინელები – ჩვენ, ყველა შევშინდებით, გავტყდებით ან დავნებდებით – მათ არაფერი იციან უკრაინაზე და მას არაფერი ესაქმებათ უკრაინაში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.