რუსეთის სამხედრო შეჭრის საპასუხოდ, წინააღმდეგობის მერვე დღე გრძელდება. საოკუპაციო ჯარებმა ამ ღამით კვლავ დაბომბეს დიდი ქალაქების საცხოვრებელი უბნები, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები მტკიცედ აგრძელებენ გარკვეული ხაზების დაცვას, კონტრშეტევას და საოკუპაციო ძალების ბლოკირებას სხვადასხვა მიმართულებით“, – აღნიშნულია ანგარიშში.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ვოლინის მიმართულებით მტერი აგრძელებს საჩვენებელი მოქმედებების განხორციელებას სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ.
მათივე ცნობით, პოლესკის მიმართულებიდან მტერი ცდილობს, შეტევითი ოპერაციების განხორციელებას კოზაროვიჩის, ვიშგოროდის, ფასტოვის, ობუხოვის დასახლებების მიდამოებში.
“საველე ლოგისტიკური ბანაკები განლაგებულია ბოროდიანკას, კატიუჟანკასა და გავრონსჩინას რაიონებში, სევერსკის მიმართულებით რუსი დამპყრობლები ცდილობენ, მიაღწიონ კიევის ჩრდილოეთ გარეუბანს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს ჩერნიგოვში, ნიჟინში, სუმში, ლებედინში, ახტირკაში.
რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთ ფლოტის მე-14 საარმიო კორპუსის მე-200 ბრიგადის ძალები, რომლებმაც დაკარგეს ჯავშანტრანსპორტიორების ნაწილი, ახდენენ გადაჯგუფებას და ცდილობენ წინსვლას ბროვარისა და კიევის მიმართულებით. კიევი და უკრაინის სხვა ქალაქები განიცდიან მტრის სარაკეტო და საარტილერიო შეტევებს.
მტრის ქვედანაყოფები და ნაწილები კონცენტრირებულია ბარიშევკას, ნოვაია ბასანის, ლიუბეჩის დასახლებებში.
სლობოჟანსკის მიმართულებით, მტერი ახორციელებს შეტევით ოპერაციას ზოლოჩოვის, ხარკოვის, ბალაქლეას დასახლებების რაიონებში. მტერი ცდილობს, განაგრძოს შეტევა ლოზოვას მიმართულებით, კატასტროფულად ესაჭიროება დაკარგული ტექნიკისა და პერსონალის შევსება“, – ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დონეცკის მიმართულებით დამპყრობლები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ნოვი აიდარის, ვოლნოვახასა და მარიუპოლის დასახლებების რაიონებში.
„მტრის ძალების ნაწილი აგრძელებს ოპერაციებს ენერგოდარის, ვასილიევკას, ტოკმაკის, ნოვოპეტროვკას დასახლებების რაიონებში. საოპერაციო რეზერვების ნაწილის გადაჯგუფების შემდეგ შეტევა გრძელდება ზაპოროჟიესა და მარიუპოლის გარეუბანში შესაღწევად. ამ უკანასკნელის დაკავება, რათა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მოხდეს მისვლა, ვერ ხერხდება. რუსეთის ტავრიჩესკის მიმართულებიდან მტერი არ წყვეტს წინსვლის მცდელობებს. გადაჯგუფების და საოპერაციო რეზერვების შემოღების შემდეგ, მან თავისი ძირითადი ძალისხმევა გაამახვილა ნიკოლაევის – ვოზნესენსკის მიმართულებაზე. შავ ზღვაში მტრის ფლოტის ჯგუფები აგრძელებენ სამოქალაქო ხომალდების მიმართულებით სროლას და მეზღვაურების დაკავებას. აკვატორიაში შეინიშნება ოთხი დიდი სადესანტო გემისა და სამი სარაკეტო კატარღის სადესანტო რაზმის მოძრაობა ოდესის მიმართულებით. ბალოვნოიეს დასახლების მიდამოში დაპყრობელმა მცირე დესანტი ჩამოაგდო, რომელიც განადგურდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.