2 მარტს ხარკოვის ცენტრალური ნაწილი კვლავ ცეცხლის ქვეშ მოექცა. აფეთქება მოხდა ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედნიდან 1,5 კილომეტრში.
დაბომბვის შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა უნივერსიტეტის შენობას. ასევე, იწვის პოლიციის შენობები.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მოედო, არსებობს ხანძრის გავრცელების საფრთხე.
“ადგილზე მაშველები მუშაობენ. დაშავებულთა და ნგრევის რაოდენობა ზუსტდება”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში.
შეგახსენებთ, 1-ელი მარტის დილით რუსმა სამხედროებმა ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის შენობას რაკეტები ესროლეს. წინასწარი ინფორმაციით, ხარკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა, 112 კი დაშავდა. თითქმის დანგრეულია სამხარეო ადმინისტრაციის შენობა.