ლევან იოსელიანი: უკრაინის ელჩის გაწვევა, რეპუტაციული თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო

“მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, უკრაინის ელჩის გაწვევა რეპუტაციული თვალსაზრისით, საქართველოსთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლას ქვეყნის ინტერესები გადააყოლა.

„უკრაინის ელჩის გაწვევა ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო ჩვენი ქვეყნისთვის რეპუტაციული თვალსაზრისით, რადგან ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ კლასს არ დაუმსახურებიათ ასეთი დამოკიდებულება, თუმცა, დაიმსახურა ხელისუფლებამ იმ უგუნური განცხადებების გამო, რომელსაც მთელი დღეების მანძილზე აკეთებდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლას გადააყოლა ქვეყნის ინტერესები. მათი რიტორიკა იყო, რამენაირად მოეგოთ ნაციონალებისთვის. ეს დაზიანება იქამდე მივიდა, რომ მოძმე უკრაინამ გაიწვია ელჩი. ამას მოხერხება ხომ უნდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლებამ შეძლო. ერთადერთი სწორი გამოსავალია, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კონცენტრაცია დაიწყოს სახელმწიფოებრივ საკითხებზე. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვაზიანებთ“, – განაცხადა იოსელიანმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი – იგორ დოლგოვი გაიწვია. როგორც მან აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები