პაატა მანჯგალაძე: უკრაინაში ჩათვალეს, რომ საქართველოს ბოლო ქმედებები არის მტრული მათ მიმართ
“ის, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოდან გაიწვია ელჩი, არის ძალიან მძიმე”,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს ომისკენ არავინ მოუწოდებს, თუმცა, “ჩირგვებში ჯდომის” დრო აღარ არის.
“ის, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოდან გაიწვია ელჩი, არის ძალიან მძიმე საქართველოსთვის, ჩვენი მეგობრები როგორც ჩანს, ვერ გრძნობენ ჩვენგან დახმარებას, ჩათვალეს, რომ საქართველოს ბოლო ქმედებები არის მტრული უკრაინის მიმართ. სწორედ ამის ახსნას ვცდილობთ “ქართული ოცნებისთვის”, რომ ომისკენ არავინ მოუწოდებს, პირიქით, ჩვენ ვართ მშვიდობის მომხრე, მაგრამ საქართველო უნდა იდგეს ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ჩირგვებში ყოფნის დრო საქართველოს ნამდვილად არ აქვს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი – იგორ დოლგოვი გაიწვია. როგორც მან აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“.