სოზარ სუბარი: დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება და ჩვენი დასავლური კურსის შენარჩუნება დაკავშირებულია მტკიცე და გონივრული პოლიტიკის გატარებასთან
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს კატასტროფა ავაცილოთ ჩვენს ქვეყანას – საქართველოს და ამ ფონზე, მე მგონი, საქართველოა არის ერთადერთი გამონაკლისი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ ამ ომში და ამ კატასტროფაში საქართველო როგორმე კონფლიქტის მხარედ გახადოს. დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება და ჩვენი დასავლური კურსის შენარჩუნება დაკავშირებულია მტკიცე და გონივრული პოლიტიკის გატარებასთან და აქ შეცდომის უფლება უბრალოდ არ გვაქვს და ეს იქნება დანაშაული ჩვენი სამშობლოს და ჩვენი მომავალი თაობის წინაშე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს საერთაშორისო ასპარეზზეც და ჰუმანიტარული დახმარების სახითაც, რომ გვერდით დავუდგეთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს.
„დღეს საქართველო, საქართველოს საელჩო, ჩვენი საკონსულოები და საელჩოს და საკონსულოების ყველა თანამშრომლები არიან იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების რიგში, რომლებიც ამ მძიმე წუთებში არიან უკრაინის დედაქალაქში, არიან იმ ქალაქებში სადაც უკრაინის საკონსულოებია და ერთი წუთით არ მიუტოვებიათ მათ თავიანთი სამუშაო ადგილი.
ისინი გვერდით უდგანან უკრაინელ ხალხს და ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც იქ არიან. გავიმეორებ გერმანიის კანცლერის, ბატონი შოლცის სიტყვებს, რომ ახლა რაც ხდება, ეს არის კატასტროფა უკრაინისთვის და მთელი ცივილიზებული სამყარო ამ დღეებში უნდა გაერთიანდეს უკრაინის დასახმარებლად”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.