ვლადიმერ ჩაჩიბაია: რუსეთის მიზნებმა კრახი განიცადა, რადგან ვერ შეაფასა უკრაინელი ჯარისკაცების და მოქალაქეების წინააღმდეგობის გაწევის ნება

„დღეს უკრაინა დიდი განსაცდელის წინაშე დგას, რუსეთის აგრესიული და ბოროტი ძალები, ყოველგვარი საერთაშორისო სამართლის, პრინციპებისა და წესების გარეშე ომობს – უკრაინაში რუსეთის მიზნებმა კრახი განიცადა, რადგან ვერ შეაფასა უკრაინელი ჯარისკაცის და მოქალაქეების წინააღმდეგობის გაწევის ნება, როგორც არასდროს ამ ომმა გააერთიანა მსოფლიო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„დღეს უკრაინა დიდი განსაცდელის წინაშე დგას, რუსეთის აგრესიული და ბოროტი ძალები, ყოველგვარი საერთაშორისო სამართლის, პრინციპებისა და წესების გარეშე ომობს უკრაინაში და ცდილობს უკრაინის კუთვნილი ტერიტორიების დაპყრობას. ენით აღუწერელია ის ტანჯვა, რომელიც ჩვენი უკრაინელი დები და ძმები იმყოფებიან, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, უკრაინელი ხალხის სულის სიმტკიცე და ერთობა.

რუსეთის მიზნებმა კრახი განიცადა, რადგან ვერ შეაფასა უკრაინელი ჯარისკაცის და მოქალაქეების წინააღმდეგობის გაწევის ნება, როგორც არასდროს ამ ომმა გააერთიანა მსოფლიო და რუსეთის აგრესიას ცივილიზებული სამყარო გმობს, რუსეთმა შეიძლება აიღოს, რომელიმე ქალაქი ან გარკვეულ მიმართულებებზე წარმატებებსაც მიაღწიოს, მაგრამ მათი ჩანაფიქრი კრახისთვის განწირულია, რადგან ხალხის დამარცხება შეუძლებელია, ამას გვკარნახობს ომების ისტორიაც, ვინ თუ არა ჩვენმა ქვეყანამ კარგად იცის, თუ რა არის რუსეთთან ომი და მის შედეგად გამოწვეული ადამიანების ტრაგედია”,- განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ 90-იან წლებში, სამაჩაბლოში და აფხაზეთში მიმდინარე ბრძოლებში, რუსეთის კონვენციური და არაკონვენციური ძალები აქტიურად ომობდნენ საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ და ქართველი სამხედროები ერთი წლის განმავლობაში გმირულად იგერიებდნენ რუსეთის რეგულარული არმიის, სეპარატისტების, რუსეთის სპეც-სამსახურების ორგანიზებით შექმნილ ჩრდილო კავკასიურ და კაზაკურ ბანდფორმირებებს. ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევების მოგერიება მოუწია საქართველოს 2008 წელსაც. „სამასი ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე საკუთარ სამშობლოში გახდა დევნილი, 2008 წლის ომში ქართული ჯარი ისევ უთანასწორო ბრძოლაში ჩაება და რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევების მოგერიება უწევდა და სამწუხაროდ ისევ განხორცილდა ქართველების ეთნიკური წმენდა, სრულიად დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს ქართული სოფლები, ეს იყო ვანდალიზმის და ადამიანის უფლებების დარღვევის უმაღლესი გამოვლინება, რომელსაც 2021 წელს ადამიანი უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სათანადო შეფასება მისცა, მაგრამ საქართველოში განხორციელებული აგრესია არ აღმოჩნდა საკმარისი ბევრი ჩვენი პარტნიორისთვის და შედეგად უკრაინა გახდა სამიზნე და ღმერთმა უწყის უკრაინის შემდეგ რა იქნება.

დღეს საქართველოს 20% ოკუპირებულია, დედაქალაქიდან 30 კილომეტრში, განლაგებულია რუსეთის სამხედრო ბაზა, რომელიც სულმოუთქმელად ელოდება ხელსაყრელ მომენტს, რომ აღასრულოს ის რაც დაისახა 2008 წელს მიზნად და ხელისუფლების შეცვლით, სამუდამოდ ჩამოაცილოს საქართველო დასავლეთის ოჯახს. მხოლოდ ღმერთმა იცის რა ტრიალებს ჩემ გულში, რისი გაკეთებაც მსურს, მაგრამ როგორც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი ვიძახი რომ საქართველოს უსაფრთხოება არის უზენაესი და ვისაც თავის თავზე აქვს გამოცდილი ომის სიმძიმე, ის ყველაზე მეტად მიხვდება რაზეც მე ვსაუბრობ, საქართველოს მთავრობის ამოცანაა ქვეყნის სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შენარჩუნება, ჩვენმა პატარა ქვეყანამ საკმარისად ბევრი სისხლი გაიღო, ადვილია ომის მოწოდება, მაშინ როდესაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი საინფორმაციო საშუალებებით აკვირდება პროცესს და ვერც კი იაზრებს თუ რა მძიმე ტვირთია ქვეყნისთვის ომი, უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ერის კონსოლიდაციის და ერთიანობის პირობებში შეუძლებელი არაფერია, ჩვენი ახალგაზრდობა თავისი ნებით უნდა ეწერებოდეს სამხედრო სამსახურის რიგებში, რეზერვში, მოხალისეებში და არა რელიგიური მოტივებით სხვადასხვა მიზეზით არიდებდეს თავს მათი უპირველესი მოვალეობის შესრულებას, რასაც სამშობლოს დაცვა ჰქვია და რაც შედეგად რუსეთის წისქვილს ასხამს წყალს, ეს არის ჭეშმარიტება. სამშობლოს დაცვა არა მხოლოდ სამხედროების, ასევე მთელი ერის ვალდებულებაა, საქართველოს ბევრი მოქალაქე ომობს უკრაინაში, ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას და მშვიდობიან დაბრუნებას სამშობლოში, დღეს ჩვენი ამოცანაა გვერდით დავუდგეთ უკრაინას, როგორც შეგვიძლია და ხმამაღლა ვთქვათ „სლავა უკრაინი”,- განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები