ირაკლი ბერაია: ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება, დაცულობა და კეთილდღეობა

„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსულ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად გლობალურ უსაფრთხოებას, ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და წარმოადგენს მსოფლიოს გალენის სფეროების ეპოქაში დაბრუნების უხეშ მცდელობას. ჩვენ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს საკუთარი სამშობლოს, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. უკრაინაში მიმდინარე აგრესია არის 2008 წელს საქართველოში ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციით დაწყებული გეგმის ნაწილი. ეს არ არის პირველი და თუ არ მოხდა ვითარების დეესკალაცია, შესაძლოა არ იყოს ბოლო, როგორც ამაზე ღიად საუბრობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამ პირობებში, შემაშფოთებელია რადიკალების მხრიდან ვიწრო პარტიულ ინტერესებზე აგებული სპეკულაციები, ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ მიმართული უსუსური კამპანია, რომლის ამოცანაც არის ქვეყნის უსაფრთხოების მიზანმიმართული დაზიანება, რასაც წლებია ეს სუბიექტები ცდილობენ”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უსაფრთხოდ გაიაროს რეგიონში არსებული მძიმე პერიოდი. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინას დიპლომატიურ ფრონტზე და ჰუმანიტარულ ჩარჩოებში უჭერს მხარს, რომელსაც გაცილებით მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე რადიკალების პოპულისტურ შემოთავაზებებს. „მნიშვნელოვანია ყველამ კარგად გაიზაროს, რომ იმ პირობებში როდესაც საქართველოს მიწაზე, თბილისიდან 30 კილომეტრში იმყოფება საოკუპაციო ჯარი, მძიმე შეტევითი შეიარაღებით, როდესაც რეგიონში გაზრდილია რუსული სამხედრო წარმომადგენლობა და საქართველო გარშემორტყმულია რუსული სამხედრო ბაზებით, როდესაც მიუხედავად მთელი მსოფლიოს ძალისხმევისა და მოწოდებისა, ოკუპანტმა არ მოახდინა ვითარების დეესკალაცია და დაიწყო აქტიური საომარი მოქმედებები, როდესაც ის ეძებს ყველა შესაძლებლობას აგრესიული მოქმედებების არეალის სხვა მიმართულებით გაშლისთვის, ნატოს გაფართოების ხელშეშლისთვის, როდესაც მის ბირთვულ რიტორიკას ახლავს უმძიმესი მუქარა, რომ ნებისმიერი სახით ჩარევას შესაძლოა მოყვეს უმძიმეს შედეგები ისტორიაში და როდესაც, ამ დროს, საქართველო არ არის გადაფარული ნატო ბირთვული ქოლგით და კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმებით და გარანტიებით, ჩვენ მთავარი ამოცანა უნდა იყოს განსაკუთრებული სიფრთხილით, სიფხიზლით და უსაფრთხოდ გავიაროთ რეგიონული უსაფრთხოებისთვის ეს უმძიმესი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის განსაკურებით მყიფე პერიოდი.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს წინაშე არსებული ეგზისტენციალური საფრთხეების კონკრეტულ ზიანად ქცევა, როგორც ჩვენი უსაფრთხოებისთვის ასევე ჩვენი ეკონომიკისთვის და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე. ნებისმიერ გაუაზრებელ და ემოციურ ნაბიჯს შესაძლოა მოყვეს უმძიმესი შეუქცევადი შედეგები და ჩვენი ქვეყანა გადაისროლეს ბევრად უკან იმ საწყისი ნიშნეულებიდან, სადაც ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფოს მშენებლობა”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

როგორც დეპუტატმა გამოსვლაში აღნიშნა, მმართველი გუნდის უმთავრესი მიზანია, დაიცვას საქართველოს და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება. „ჩვენ, როგორც პასუხისმგებელიანი ხელისუფლება, ჩვენს ნაბიჯებს ვერ დავაფუძნებთ ვარაუდებზე და მარჩიელობაზე იმის შესახებ რას შეიძლება მოყვეს ოკუპანტის მხრიდან რეაგირება და რას არა. ცდებს და ექსპერიმენტებს ამაზე არ და ვერ ჩავატარებთ. მიუხედავად ამის დიდი სურვილისა რადიკალების მხრიდან, ვინც საუბედუროდ და უწყვეტად ცდილობს ყველა შესაძლებლობის გამოყენებას პარტიული ინტერესების გასაღრმავებლად, ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება, დაცულობა და კეთილდღეობა. თუ მტერი მოვიდა დავხვდებით ღირსეულად, იარაღით ხელში და სამარცხვინოდ ერთი მეორის მიყოლებით არ გავიქცევით ამ ქვეყნიდან ოქროთი და ფულით ხელში, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი აკეთებდა 2008 წლის ომის დროს”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები