“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოხალისეების უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით მთავრობას პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება უნდა მიეღო.
კობახიძის თქმითვე, საკითხთან დაკავშირებით დეტალები მისთვის უცნობია.
“რაც შეეხება თვითმფრინავის გაგზავნის საკითხს, მე არ ვიცი ეს დეტალები, ეს არ არის ჩემი პასუხისმგებლობა და პრეროგატივა, ასეთ საკითხებში ჩართულია უშუალოდ მთავრობა. თუ აქ საუბარია იმაზე, რომ მთავრობას უნდა გაეცა ნებართვა ომში ჩასართავი მოხალისეების გაგზავნაზე, ეს ნიშნავს საქართველოს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, აქ მთავრობას, რა თქმა უნდა, უნდა მიეღო პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება. რაც შეეხება ქვეყნის ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, არც აშშ, არც ევროკავშირის ქვეყნები ამას არ აკეთებენ, ომში არცერთია ჩართული, პირდაპირ თქვეს, რომ ამერიკელი და ევროპელი სამხედროები არ იქნებიან ომში. აქ საუბარია სამხედრო ძალის გაგზავნაზე, ეს ყველაფერი ადასტურებს ერთადერთ რამეს, ერთადერთი მიზანი, რაც აქვს ანტისახელმწიფოებრივ ძალას, რასაც ჰქვია “ნაციონალური მოძრაობა” თავისი დანამატებით, არის ის, რომ საქართველო როგორმე ჩართონ ომში. საუბარი იყო სამხედრო კონფლიქტში სამხედრო ძალის გაგზავნაზე. მოხალისეები არ არიან სამხედრო ძალა? ზელენსკიმ სთხოვა დასავლეთს, რომ ჩართულიყვნენ სამხედრო კონფლიქტში, გვახსოვს არაერთი საყვედურიც, მაგრამ არ ჩაერთო დასავლეთი”,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი – იგორ დოლგოვი გაიწვია.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“.