ირაკლი ჩიქოვანი: „მარათონია გამოცხადებული ჩვენი საზოგადოების, თანამოქალაქეების უკრაინელი ხალხის მიმართ გულწრფელი სოლიდარობის, ხელისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკურ ტალღად გარდასაქმნელად”
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესია საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას და პრინციპს ეწინააღმდეგება და ამ მძიმე ვითარებაში ქართველები უკრაინელების მიმართ სოლიდარულები არიან.
„უმძიმესი ვითარებაა, უკრაინაში. რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესია უკრაინაში, იქ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმებსა და პრინციპებს; სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების ყველა დადგენილ წესს. ეს ხდება ევროპაში, 2022 წელს, იმის მიუხედავად რომ მსოფლიო დიპლომატია ცდილობდა ამის თავიდან აცილებას.
ჩვენ სოლიდარულები ვართ, უკრაინელების მიმართ. ამ უმძიმეს ვითარებაში რთულია მოძებნო შესაბამისი ტკივილის ან ნუგეშის გამომხატველი სიტყვები. ასე ვართ განწყობილები ჩვენ და ასე არის განწყობილი ქართული საზოგადოება. დღეს მარათონია გამოცხადებული ჩვენი საზოგადოების, თანამოქალაქეების უკრაინელი ხალხის მიმართ გულწრფელი სოლიდარობის, ხელისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკურ ტალღად გარდასაქმნელად. ეს სხვა არაფერია გარდა ფუჭი მცდელობისა, მორიგ ჯერზე ყველა და ყველაფერი გამოიყენო საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისათვის. მაგრამ შეურაცხმყოფელია რომ, ეს უკრაინაში დატრიალებული ტრაგედიის ფონზე ხდება.
რაც შეეხება საქართველოს პოზიციას სანქციებთან დაკავშირებით, და პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას. არიან ჩემგან მარცხნივ ადამიანები ვინც ზუსტად იცის რომ საქართველოს სანქციებთან მიერთების საკითხი არ არის საქართველოს უკრაინასთან სოლიდარობის საკითხი. საქართველო იყო, არის და იქნება სოლიდარული უკრაინის მიმართ და ჩვენ გვტკივა უკრაინის ტკივილი. მაგრამ იქვე არიან ადამიანები, და როგორც ჩანს ისინი სჯაბნიან სხვა დანარჩენებს, ვისაც ხელისუფლების შეპყრობის მონატრება, ძალაუფლების დაუფლების სხვა პერსპექტივის არ არსებობა – გარდა დესტრუქციისა, მოსვენებას არ აძლევს და მზად არიან გადათელონ ჩვენი სამშობლოს და ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესები. საქართველოს მთავრობის, მისი მეთაურის – ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია ცხადი და ნათელია, ამ უაღრესად მძიმე ვითარებაში, მაშინ როდესაც საქართველოს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე უახლდება 2008 წლის ომის ტკივილი, ჩვენ გვაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმ რათა შეწყდეს სისხლისღვრა, ვიყოთ სოლიდარულები და ვიმოქმედოთ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენს რეგიონში ურთულესი ვითარებაა. შავ ზღვის რეგიონში და მათ შორის საქართველოში მხოლოდ ბოლო ოცი წლის განმავლობაში, რამდენიმე სამხედრო კონფლიქტი – ომი იყო და ამით გაუბედურებული და გახლეჩილი ასი ათასობით ოჯახები გვყავს; სახეზეა ოკუპაციის და ღია ანექსიის მაგალითები; რეგიონში გვყავს ასი ათასობით დევნილი და სამწუხაროდ ეს ციფრი გაიზრდება; არ ჩერდება უკანონო ბორდერიზაცია და მოქალაქეების უკანონო გატაცება და ამ ყველაფრის ფონზე ცხადი ხდება რომ არსებულ უსაფრთხოების გარანტიებს გაძლიერება სჭირდება. მსოფლიო ეკონომიკა განწირულია ახალი ეკონომიკური კრიზისისათვის, რომლის მასშტაბებიც ალბათ გადააჭარბებს აქამდე არსებულ ყველა გამოწვევას, განსაკუთრებით ჩვენს კონტინენტზე – ევროპაში. ამას ხაზს უსვამს ყველა მსოფლიო ლიდერი”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
პარლამენტის წევრის შეფასებით, მეგობარ უკრაინელ ხალხთან მიმართებაში საქართველო ჰუმანიტარულ ჩარჩოებში მოქმედებს და ჰუმანიტარული დახმარების პირველი ნაწილი დანიშნულებისამებრ უკვე გაიგზავნა. „გვაქვს ჩამოყალიბებული მტკიცე საგარეო პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, ევროკავშირი და ყველა სხვა საერთაშორისო ფორუმი საქართველოს უკრაინისადმი გამოხატული მხარდაჭერა დაუფარავი და მტკიცეა. ამის ფონზე ყველა ისინი ვინც ამბობთ რომ საქართველო მოწყდა დასავლეთს, ხართ ფლიდები და ძირს უთხრით არა „ქართულ ოცნებას” არამედ საკუთარ სახელმწიფოს. რატომ გაქვთ წარმოდგენა ვინმეს თქვენზე ნაკლებად უნდა ან შეუძლია საქართველოს ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანება. ამ ხელისუფლებამ და პრემიერმა ღარიბაშვილმა, უამრავი გადაწყვეტილება მიიღო და მტკივნეული რეფორმა გაატარა საქართველოს ევროპასთან დასაახლოვებლად. არც აქამდე არც მომავალში ვაპირებთ სხვაგვარად ვიმოქმედოთ. მაგრამ, ჩვენ კარგად გვახსოვს როგორ ატალახიანებდით ბრიუსელის კორიდორებს იქნებ რამენაირად საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდესო და 2012 წლამდე არსებული არაოფიციალური ემბარგოები რომელიც საქართველოსთან მიმართებაში მოქმედებდა.
ყველას კარგად ესმის, თქვენ თუ არა ჩვენს თანამოქალაქეებს კარგად ესმის, მიუხედავად იმისა თუ ვისი ამომრჩეველია, ამ ვითარებაში საქართველომ უნდა გააკეთოს ყველაფერი რათა იყოს სოლიდარული უკრაინის მიმართ და ამავდროულად სამხედრო დაპირისპირების ყველანაირი პროვოკაცია აირიდოს და გაანეიტრალოს ამის ყველანაირი საბაბი. ასეთი საფრთხეების არსებობაზე საუბრობენ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები და წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებიც”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.