დავით ნარმანია: საკუთარი ხალხის მიმართ იარაღის გამოყენება არავის უნდა ეპატიოს
საკუთარი ხალხის მიმართ ხელის აღება და იარაღის გამოყენება არავის უნდა ეპატიოს, – ამის შესახებ თბილისის არჩეულმა მერი დავით ნარმანიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და ხელისუფლების სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ბრალის წაყენების თაობაზე კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, პროცესუალური ნორმების დაცვით ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც არ უნდა იყოს ის.
“ძალიან დიდი ხანია არსებობს კითხვები ცალკეულ მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ 7 ნოემბრის დარბევასთან დაკავშირებულ საკითხებში. როგორც პროკურატურის მასალებიდან ირკვევა, გაცილებით უფრო მძიმე სხვა ფაქტებშიც მონაწილეობდნენ ისინი. მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კითხვებს, რაც გააჩნია საგამოძიებო ორგანოებს. ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ის, იქნება პრეზიდენტი თუ რიგითი თანამდებობის პირი, ვალდებულია გასცეს კითხვებს ამომწურავი პასუხი. რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი ხალხის მიმართ ხელის აღება და იარაღის გამოყენება არავის უნდა ეპატიოს. პროცესუალური ნორმების დაცვით ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც არ უნდა იყოს ის”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.