ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლაში საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტის შეხვედრები გრძელდება
ქვეშეთის სკოლაში საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტის მორიგი შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრები ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოხედვასთან“ თანამშრომლობითაა ორგანიზებული.
ქვეშეთის სკოლის მოსწავლეებსა და დირექციასთან ერთად, უკვე დაიგეგმა „ეკოხედვის“ სპიკერების ლექციების განრიგი, ექსკურსიები და სხვა საგანმანათლებლო აქტივობები. 24 თებერვალს კი რიგით მესამე შეხვედრა ჩატარდა. ქვეშეთის სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, „ეკოხედვის“ სპიკერებთან ერთად, ქვეშეთი კობის ახალი გზის პროექტის სპიკერი იმედა დვალიძეც გაესაუბრა და პროექტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა.
„ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის მნიშვნელობა, გადაჭარბების გარეშე, ძალიან დიდია ქვეყნისთვისაც და რეგიონისთვისაც. ამ პროექტში, სხვა საკითხებთან ერთად, გარემოსდაცვითი მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტულია. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ პროექტის ფარგლებში ხორციელდება აქტივობები ამ მიმართულებით, „ეკოხედვასთან“ თანამშრომლობით.
დღევანდელ შეხვედრაზე ბავშვებს მივაწოდეთ ინფორმაცია ქვეშეთი-კობის ახალი გზის შესახებ. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას, უჩენს დამატებით ინტერესებს და აქტივობის სურვილს. სწორედ ამიტომ, ასეთი საგანმანათლებლო პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია,“ – აცხადებს პროექტის სპიკერი იმედა დვალიძე. „ამ პროექტში ჩართულია ქვეშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების უმეტესი ნაწილი. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ნახატების კონკურსის, ექსკურსიებისა და ტრენინგების ჩატარება. გარდა ამისა, სკოლაში ჩამოყალიბდა ეკოკლუბიც, რომელშიც უკვე 30-მდე ბავშვი გაწევრიანდა. ძალიან აქტიურები არიან და სკოლის შიგნით უამრავი ღონისძიება დაგეგმეს. ასეთი საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტები მნიშვნელოვანი და აუცილებელია მოსახლეობის სწორი ინფორმირებისთვის, მიმდინარე პროექტებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ,“ – აცხადებს „ეკოხედვის“ აღმასრულებელი დირექტორი გეგი სოფაძე.
საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტის მთავარი მიზანია ხადის ხეობის მოსახლეობის სწორი ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ინფრასტრუქტურულ და გარემოსდაცვით საკითხებზე. ჯამში, პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლის უფროსკლასელებს 5 ლექცია ჩაუტარდებათ. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილია მოსწავლეების ვიზიტი უშუალოდ ქვეშეთი-კობის ახალი გზის სამშენებლო ტერიტორიაზე, უახლესი ტექნოლოგიებისა და მიდგომების გასაცნობად, სალექციო კურსის ბოლოს კი სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ კონკურსში, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოცხადდება. საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლაში ჩამოყალიბდება ეკოკლუბი, რომლის წევრებიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა აქტივობაში – ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, კონკურსები და ა.შ. დაგეგმილია „ეკოხედვის“ წარმომადგენლების შეხვედრა ეკოკლუბის ბენეფიციარებთან, რათა შემუშავდეს ეკოკლუბის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.
გეგმა გულისხმობს ქვეშეთის სკოლის მიმდებარე ტერიტორიების გამწვანებაზე ზრუნვას, სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქციებს, ინტელექტუალური თამაშების ორგანიზებას გარემოსდაცვით თემებზე და ა.შ. პროექტის დასასრულს, ქვეშეთის საჯარო სკოლაში გაიმართება შემაჯამებელი ღონისძიება ღია ცის ქვეშ – ნახატების გამოფენა, პროექტის ფარგლებში შემუშავებული რესურსების წარდგენა და პროექტის შეფასება.