ირაკლი ბექაური: რუსეთის ბაზრის დაკეტვა იქნება აუნაზღაურებელი ზიანის და ზარალის მომტანი ქართული მეღვინეობა-მევენახეობისთვის

ღვინის კომპანია „ბოლეროს” ქართული ალკოჰოლური სასმელები სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტზე გააქვს, თუმცა ყველაზე მეტი ექსპორტის წილი რუსულ ბაზარზე მოდის. რა ზიანის მომტანი იქნება ქართული მეღვინეობა-მევენახეობის დარგისთვის რუსეთის ბაზრის დაკეტვა და რა პრობლემის წინაშე აღმოჩნდება კომპანია, – ამის შესახებ „ბოლეროს” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბექაურმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ბაზარი მნიშვნელოვანია, მისი დაკეტვა დიდი ზიანის მომტანი იქნება და, ასევე, დასძენს რომ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.

„რუსეთის ბაზრის დაკეტვა იქნება აუნაზღაურებელი ზიანის და ზარალის მომტანი ქართული მეღვინეობა მევენახეობის დარგისთვის, უახლოეს მომავალში და პერსპექტივაში. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ალტერნატიული ბაზრების მოძიება, ამას ყველა კომპანია აკეთებს, მათ შორის ჩვენიც, თუმცა ეს არ არის 2-3 თვიანი პროცესი, ათწლეულების მუშაობა სჭირდება. რუსეთის ბაზრის დაკეტვა საქართველოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში თავის შედეგს მოგვიტანს, ბაზრები დივერსიფიცირებული იქნება.

ქართული ღვინის პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება ძალიან მაღალია. ბაზრის დაკეტვა იქნება აუნაზღაურებელი ზიანი, რაც მაგალითიც ახლო პერიოდში გვქონდა. 2006 წლიდან 2013 წლამდე ჩაკეტილი იყო და ქართული მევენახეობა, მეღვინეობა, ფაქტობრივად, ძალიან დიდ სტრესულ სიტუაციაში იყო და არ ვითარდებოდა დარგი. ყველა გადასული იყო თვითგადარჩენაზე, ხოლო განვითარებაზე ნაკლები საუბარი იყო.

სავსებით სწორი გადაწყვეტილებაა, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდეს 2 მიზეზის ამო. პირველი – თავი არ ჩაიგდოს სასაცილო მდგომარეობაში. როგორ შეიძლება, საქართველომ თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე ისეთ ქვეყანას, როგორიც რუსეთია, სანქციები დაუწესოს?! მეორე, მიზანს ვერანაირად ვერ მიაღწევ. სანქციების მიზანი არის დისკომფორტის შექმნა ამ სანქციების სამიზნისთვის. ეს ნამდვილად არ მოუტანს არანაირ ცუდ შედეგს მას, პირიქით, ჩვენ დავზარალდებით”, – აცხადებს ირაკლი ბექაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები