სოზარ სუბარი: ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინელების დახმარებისთვის, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძალიან ბევრი პროექტი მუშავდება

პარლამენტში თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს უკრაინელების დასახმარებლად, რისთვისაც ძალიან ბევრი პროექტი მუშავდება.

მისი თქმით, 21-ე საუკუნეში, მეზობელ ქვეყანაზე მსგავსი მასშტაბის აგრესია იყო ყველასთვის მოულოდნელი, მაგრამ როგორც ჩანს, რუსეთისგან მოულოდნელი არაფერია.

„კიდევ ერთი მძიმე ღამე ჰქონდა უკრაინისა და მისი დედაქალაქის, კიევის დამცველებს. უპრეცედენტო რამ მოხდა 21-ე საუკუნისთვის, მეზობელ ქვეყანაზე მსგავსი მასშტაბის აგრესია იყო ყველასთვის მოულოდნელი, მაგრამ როგორც ჩანს, რუსეთისგან მოულოდნელი არაფერია. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ამ მძიმე დღეებში უკრაინას, უკრაინელ ხალხს, მის ხელისუფლებას. ყველაფერს ვაკეთებთ მათი დახმარებისთვის. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძალიან ბევრი პროექტი მუშავდება, ამის გაჟღერებას არ დავიწყებ, მაგრამ ჰუმანიტარული დახმარება, როგორც საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის, ისე უკრაინაში ძალიან დიდი დახმარებისთვის ჩვენ მზად ვართ.

პირადად ჩემთვის, ორმაგად მძიმე თემაა. ჩემი ძმის ოჯახი ცხოვრობს უკრაინაში, ერთ-ერთ ქალაქში, რომელიც ცხელი წერტილია და მართლაც ყოველწუთიერი კავშირი მაქვს, რამე სიახლე ხომ არ არის, როგორ არიან და კარგად ვიცი, რომ ძალიან მძიმე დღეშია უკრაინის მოსახლეობა, იღუპებიან მშვიდობიანი ადამიანები, გმირი მებრძოლები, მაგრამ ჯერ ახერხებენ, დაიცვან პოზიციები და შეაჩერონ აგრესორი.

უკრაინის გვერდით დგას მთელი ცივილიზებული სამყარო და დარწმუნებული ვარ, ის დაპირისპირება მსოფლიო წესრიგთან, რომელსაც პუტინი და მისი ხელისუფლება უპირისპირდება, გამოიწვევს სწორედ იმას, რომ დამყარდება ახალი მსოფლიო წესრიგი, სადაც არ იქნება ასეთი აგრესორების ადგილი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები