მაკა ბოჭორიშვილი: “სახელმწიფოები არ უნდა ისჯებოდნენ საკუთარი აწმყოსა და მომავლის განსაზღვრის სუვერენული უფლებისთვის”

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმოვმოქმედი დელეგაციის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაში ონლაინ ფორმატში მიიღო მონაწილეობა.

მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაზე, საერთშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დარღვევაზე ევროპაში, რომელიც საფრთხეს უქმნის მთლიანად ევროპულ უსაფრთხოებას. მან სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.

,,სამწუხაროდ 2008 წელს, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უხეშად იქნა დარღვეული და გავხდით რუსული აგრესიის მსხვერპლი, საერთაშორისო თანამეგობრობამ სათნადო პასუხი ვერ გასცა ამ ქმედებას, პასუხი, რომელიც თავიდან აგვაცილებდა მსგავსი ქმედების განმეორებას ევროპაში”,-აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო პასუხის საჭიროებას, იმისათვის, რომ შეწყდეს უკანონო ქმედებები და სამხედრო ინტერვენციები ევროპაში. ,,სახელმწიფოები არ უნდა ისჯებოდნენ საკუთარი აწმყოსა და მომავლის განსაზღვრის სუვერენული უფლებისთვის”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სესიის ფარგლებში საუბარი შეეხო მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიის განვითარებაში ჟურნალისტიკის როლს. ,,საქართველო სრულად იზიარებს თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს. საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს მედიის თავსუფლების, პლურალიზმისა და სიტყვის თვისუფლების უზრუნველსაყოფად, რაც შესაბამიად ასახულია საერთაშორისო რეიტინგებში”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ჟურნალისტების უსაფრთხოებას და მათი დარღვევის ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების არსებობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები