სოზარ სუბარი: მზად ვარ, დღე და ღამე გავათენო პრობლემის გადაწყვეტაში

პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, დევნილთა და განსახლების მინისტრის რანგში სოზარ სუბარს პირველი სამუშაო დღე აქვს.
სოზარ სუბარის განცხადებით, ძალიან რთული და საპასუხისმგებლო იყო ის უწყება, რომელსაც წლისა და ცხრა თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მაგრამ არანაკლებ საპასუხისმგებლოა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანის პრობლემის გადაწყვეტა ხდება.
„ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაჩაგრული და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები არიან: დევნილები, ეკომიგრანტები, ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა რიცხვიც 300 ათასს აღწევს და მათი საკითხების გადაწყვეტა წლების განმავლობაში რჩებოდა უმთავრეს პრობლემად. ძალიან ბევრი გაკეთდა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, ძალიან ბევრი გააკეთა ჩემმა წინამორბედმა, გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა წინა წლებში ძველი ხელისუფლების პირობებში, თუმცა, სამწუხაროდ, დევნილებისა და ეკომიგრანტების პრობლემების გადაჭრა არ იყო პრიორიტეტი.
წინა ხელისუფლებას სხვა პრიორიტეტები ჰქონდა, სასახლეების მშენებლობა, რომელშიც იხარჯებოდა ასეულობით მილიონი ლარი, ეს თანხა რომ სწორად ყოფილიყო მიმართული ეს პრობლემა პრაქტიკულად აღარც იარსებებდა და შეიძლება ამ სამინისტროს, როგორც ცალკე სამინისტროს, არსებობა აუცილებელი არ ყოფილიყო. კარგად გვესმის, რა პრობლემებია და მზად ვართ, რომ შევუდგეთ მუშაობას პირველივე დღიდან. პირველი დღეა ჩემი სამინისტროში მოსვლის, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა, თუმცა პირველივე წუთს, როცა პრემიერ-მინისტრმა გამომიცხადა, რომ მე ვიქნებოდი წარდგენილი ამ პოსტზე, მე მოვედი სამინისტროში, გავეცანი თანამშრომლებს, გავეცანი მუშაობას, გავეცანი იმ პრობლემებს, რომლებიც არსებობს. მზად ვარ დღე და ღამე გავათენო ამ პრობლემის გადაწყვეტაში როგორც აქ ადგილზე, ისე რეგიონებში სადაც დევნილები ცხოვრობენ, სადაც მათ პრობლემები აქვთ. ერთია რასაც მიამბობენ ჩემი თანამშრომლები და რაც მახსოვს მე, როგორც ყოფილ სახალხო დამცველს, მაგრამ მეორეა რომ დღეს ჩასვლით და პირადად შევისწავლო ყველა ის პრობლემა, რაც არსებობს და მთავრობასთან ერთად დავსახო მათი გადაწყვეტის გზები“, – განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა.
სოზარ სუბარის თქმით, საკადრო ცვლილებების დაწყება მისი ამოცანა არ არის და ადამიანები, რომლებიც სწორად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს მუშაობას გააგრძელებენ.
„ბუნებრივია, საკადრო ცვლილებები იქნება, თუმცა ეს არ არის მთავარი, იმიტომ რომ მე არ მოვდივარ იმ ამოცანით, რომ საკადრო ცვლილებებით უნდა დავიწყო. ადამიანები, რომლებიც ჯდებიან იმ რიტმში, რომელიც მე მუშაობის სწორ რიტმად მიმაჩნია, რომლებიც სწორად ასრულებენ ამოცანებს გააგრძელებენ მუშაობას და პირიქით მე ვიქნები მოხარული, რომ მათგან ვისწავლო და მივიღო ის ცოდნა რაც მათ აქვთ. ადამიანებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ამ რიტმში მუშაობას, ბუნებრივია მოუწევთ სხვა გადაწყვეტილების მიღება. არა იმიტომ, რომ ვინმეს მიმართ ცუდი ხედვა გვაქვს, იმიტომ რომ უბრალოდ მათ კარგ თუ არადამაკმაყოფილებელ მუშაობაზეა დამოკიდებული როგორ მოვემსახურებით იმ ასეულობით ათასს ადამიანს, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები