დავით ბაქრაძე მოკავშირეებს სიმტკიცის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

დღეს ხელისუფლებამ გადადგა მორიგი ნაბიჯი დაანონსებული ცხელი ზაფხულისკენ – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსებისთვის ბრალის წაყენებას. ბაქრაძემ მოკავშირეებს სიმტკიცის შენარჩუნებისა და მხნეობის გამოჩენისკენ მოუწოდა.
“პროკურატურის წარმომადგენლებმა ჩვენს საზოგადოებას ძალიან დეტალურად შეახსენეს ჩვენი უახლესი ისტორიის, მართლაც, ძალიან მძიმე და დრამატული ფურცელი, რომლის გახსენებით გამოწვეული ნეგატიური ემოციებით შეეცადნენ, გადაეფარათ ის სიჩქარე და არაკვალიფიციურობა, რომლითაც ამ შემთხვევაშიც მოქმედებს საქართველოს პროკურატურა.
ხელისუფლება ჩქარობს, ვინაიდან მათ არ დაიცვეს ელემენტარული წესებიც კი, რომელიც მოქმედებს მოწმის იძულებით დაკითხვასთან დაკავშირებით. ხელისუფლება ჩქარობს, იმიტომ, რომ მათ არ მისცეს მათივე ჩამოყვანილ უცხოელ ექსპერტებს მუშაობის და საქმეების გაცნობის საშუალება. ხელისუფლება ჩქარობს, იმიტომ რომ მას ეშინია “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის. მე მინდა მოვუწოდო, ყველა ჩვენს მოკავშირეს და იმ ადამიანებს, ვისაც სურთ ამ ქვეყანაში მშვიდობიანი და განვითარებული ხვალინდელი დღე, იყავით მტკიცედ, იყავით მხნედ, ვერანაირი რეპრესიით, ვერანაირი პროკურატურის განცხადებით ვერც ერთი ხელისუფლება საქართველოში ვერ შეძლებს ოპოზიციის დამარცხებას. მოგიწოდებთ სიმხნევისკენ და უფრო ენერგიული ბრძოლისკენ”, – განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილ იქნა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები